სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავლის ⅔ იმპორტზე მოდის - სად ვყიდულობთ პროდუქტს?
სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავლის თითქმის ⅔, 65.8% იმპორტულ პროდუქტზე მოდის. როგორც Galt & Taggart-ის 2024 წლის სექტორულ კვლევაშია აღნიშნული, სექტორის ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, თუმცა ზოგიერთ ქვესექტორში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია ჭარბობს.
კერძოდ, სამშენებლო მასალების (ცემენტი, ბეტონი, არმატურა და სხვ.) ქვესექტორში, რომლის შემოსავალმაც 2024 წელს $2.1 მილიარდი შეადგინა, 66.7% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის: "რასაც ხელს უწყობს ძლიერი ადგილობრივი ინდუსტრია, ხოლო ტრანსპორტირების სირთულეები და ფასი იმპორტს აფერხებს.
სარემონტო მასალებისა და ავეჯის ქვესექტორებში, რომელთა ჯამური შემოსავალიც $3.0 მილიარდია, შემოსავლის ძირითადი წილი იმპორტზე მოდის. კერძოდ, სარემონტო მასალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 82.3%-ია, ავეჯის კი - 76.7%. Galt & Taggart-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი წარმოება რამდენიმე ნიშურ სეგმენტს ფარავს.
რაც შეეხება საოჯახო ტექნიკის ქვესექტორს, რომლის შემოსავალმაც $600 მილიონი შეადგინა, ის თითქმის სრულად იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული. ერთადერთი ტექნიკა, რომელსაც საქართველო აწარმოებს, წყლის გამაცხელებელია, რომელთა ძირითადი ნაწილის ქვეყნიდან ექსპორტზე გადის.
2024 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტის მოცულობის 50% ორ ქვეყანაზე - თურქეთსა და ჩინეთზე - მოდის, შესაბამისად, 33.4% და 19.2%.
"თურქეთი საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია, რასაც ხელს უწყობს მისი განვითარებული სამრეწველო სექტორი და გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ტრანსპორტირების დაბალ ხარჯებს განაპირობებს. ჩინეთი მეორე ადგილზეა და ფოლადისა და პლასტმასის პროდუქტების ძირითადი წყაროა", - წერია ანგარიშში.
საიდან იყიდა საქართველომ სამშენებლო და სარემონტო მასალები 2024 წელს?
- თურქეთი - 33.4%
- ჩინეთი - 19.2%
- რუსეთი - 10.2%
- ირანი - 6.7%
- აზერბაიჯანი - 4.5%
- იტალია - 3.7%
- გერმანია - 2.7%
- პოლონეთი - 1.7%
- სხვა - 18.0%