როგორია 1 კვ.მ.-ს ფასი ძველ აშენებულ კორპუსებში უბნების მიხედვით - ის რაც უნდა იცოდე მეორადი ბინის შეძენამდე
თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% კორპუსებში ცხოვრობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 35-65 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში აშენდა. ყველაზე მეტი კორპუსი თბილისში 1971-1980 წლის დეკადაში აშენდა. ბოლო პერიოდში მცირდება მოთხოვნა მეორად ბინებზე და იზრდება თანამედროვე კორპუსებზე. უკანასკნელი მონაცემებით ძველ პროექტებში ტრანზაქციების მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი 7-10%-თ გაიზარდა დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში.
ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 800 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 850 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა.
750 დოლარიდან 850 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 850 დოლარს უტოლდება.
შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 900-1000 დოლარის ფარგლებშია.
დიდი დიღომში ფასები 900 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 900 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.
დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 1000-დან 1200 დოლარამდეა.
850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 750-800 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.
საბურთალოზე საშუალო ფასი 1400 დოლარია, ხოლო ვაკეში 1500.
ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1700-1800 დოალრია.
გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა. ხშირად სწორედ ეს ფაქტიც ხდება მიზეზი, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ ახალ აშენებულ ბინაში შევიდნენ საცხოვრებლად და არ დახარჯონ დიდი ენერგია. გარდან ამისა, საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დაზიანებულია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.