თეგებით ძიება

ლენტეხში „მუხრა ჰესის“ მშენებლობა იგეგმება - ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც ჰესის აშენებას აპირებს

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდ. მუხრაზე „მუხრა ჰესის“ აშენება იგეგმება. მშენებლობას შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“ აპირებს. კომპანიამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში გარემოს ეროვნულ სააგენტოს უკვე წარუდგინა.

პროექტი ითვალისწინებს მდინარის ბუნებრივ ხარჯზე დამოკიდებული, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომლის დადგმული სიმძლავრეც 4.65 მგვტ იქნება, წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 20.1 გვტ-სთ. იქნება.

„საქმიანობის განხორციელება იგეგმება სოფ. ტვიბის სიახლოვეს. სათავე ნაგებობის მოწყობისთვის შერჩეული ტერიტორია მდებარეობს ზ.დ. 1 425 მ სიმაღლეზე, სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. სადაწნეო მილსადენი გაივლის მდ. მუხრას აქტიური კალაპოტის სიახლოვეს, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ნაპირზე“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.

პროექტის მიხედვით, ჰესის ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 7 აგვისტოს გზშ-სთან დაკავშირებით ლენტეხში, სოფელ თეკალში საჯარო განხილვა გაიმართება.

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც „მუხრა ჰესს“ ააშენებს

შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფის“ მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი ამონაწერის მიხედვით, კომპანიის მესაკუთრე ნანა ყეინიშვილია, თუმცა ამჯერად მფლობელი შეცვლილია.

კერძოდ, კომპანია ნანა ყეინიშვილმა 2023 წლის იანვარში დააფუძნა. ამავე წლის ოქტომბერში მან წილების მმართველად ნათია ლოლაძე დანიშნა. 2025 წლის აპრილიდან კი, კომპანიის მესაკუთრედ ნათია ლოლაძეა გაფორმებული. ისვე იკავებს დირექტორის პოზიციას.

ინფორმაციისთვის, ნანა ყეინიშვილი 2023 წლის სექტემბრიდან 2030 წლის სექტემბრამდე არჩეულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წვერად. ის 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობამდე ყეინიშვილი ბიზნეს-საქმიანობასაც ეწეოდა. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის ის 10-ზე მეტი კომპანიის დამფუძნებელი, მეწილე და დირექტორი იყო, მათ შორის: შპს „სადმელი ჰესი“, შპს „დანიელი 2022“, შპს „ვიპ ფეი“, შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“, შპს „მწვანე ენერგიის ჯგუფი“, შპს „ვიანდო გეორგია“ და ა.შ

აღსანიშნავია ისიც, რომ ამჟამად, ნანა ყეინიშვილის ფიგურირებს შემდეგ კომპანიებში: შპს „ნათმეტალი“ (ფლობს წილების 1%-ს, თუმცა მმართველად დანიშნული ჰყავს ნათია ლოლაძე), შპს „დანიელი 2022“ (ფლობს 100%-იან წილს, წილების მმართველი აქაც ლოლაძეა) და შპს „იუნაითიდ ფაუერ ენერჯი“ (ფლობს 30%-ს, წილების მმართველი ნათია ლოლაძეა).


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა