"სასახლეს, მინიმუმ, 40 ადამიანი ემსახურება, ტერიტორიის მოვლა 1.5 მლნ დოლარი ჯდება" - როგორ სახლში ცხოვრობს რამზან კადიროვი?
ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ბოლო გასაჯაროებული დეკლარაცია 2021 წლით თარიღდება და 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მისი შემოსავლების ამსახველი დოკუმენტი აღარ გამოქვეყნებულა.
თუმცა გამოცემა „პროექტის“ ჟურნალისტებმა გამოიძიეს, თუ რა სქემებს იყენებენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სტრუქტურები ფედერალური ბიუჯეტისა და ბიზნესის მფარველობის თანხის გასათეთრებლად და გასანაღდებლად. ეს არ არის ოფშორულ და მრავალრიცხოვან ფიქტიურ კომპანიებთან დაკავშირებული რთული სქემა, არამედ კადიროვი ათობით მილიარდ რუბლს ფიქტიური პირებისთვის ფიქტიური სესხების გაცემით ანაღდებს და VTB ბანკის ფილიალებიდან ტონობით კუპიურები და ოქროს ზოდები გააქვს.
სასახლე-რეზიდენცია
რამზან კადიროვის მდიდრული რეზიდენცია ჩეჩნეთის რესპუბლიკის განვითარებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო თანხით აშენდა და 331 მლნ დოლარი დაჯდა. ულამაზესი ვარდისფერი შენობა, რომელიც გროზნოს ლენინის რაიონში მდებარეობს, მდინარე სუნჟას ნაპირებზე აშენდა. მდინარის კალაპოტი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიცვალა და გასწორდა, რამაც ახალი ნახევარკუნძული შექმნა, რომლის ფართობიც მოსკოვის კრემლის ზომას შეესაბამება.
კადიროვის სასახლის ინტერიერის ფართობი 64 ათას კვადრატულ მეტრს აღწევს. სასახლეში იატაკი ხალიჩებით არის დაფარული, რომელთა საერთო ფართობი 13,2 ათას კვადრატულ მეტრამდეა, კედლებზე 4,3 ათასი ფართობის გობელენები ჰკიდია, ფანჯრებზე კი მრავალფაქტურიანი ჟალუზებია.
სასახლეს, მინიმუმ, 40 ადამიანი ემსახურება, ხოლო ტერიტორიის დასუფთავებით, დაახლოებით, 30 მუშა არის დაკავებული. ტერიტორიის მოვლა 1.5 მლნ დოლარი ჯდება. ამ თანხით რეზიდენციის ტერიტორიაზე 36 ჰექტარი გაზონი გაშენდა და სხვადასხვა სახეობის 2260 ხე დაირგო. ყვავილების საერთო ფართობი 8 ჰექტარს აღწევს. პარკს ბილიკები და სარწყავი სისტემა აქვს.
სასახლის მთავარი შენობის გარდა, რამზან კადიროვის რეზიდენციის ტერიტორიაზე მრავალი ნაგებობაა, რომელთა საერთო ფართობი 6,4 ჰექტარს აღწევს. ამ ტერიტორიაზე ყველა შენობა დაბალი, მაქსიმუმ, 5 სართულიანია.
