თეგებით ძიება

საქართველო იმ ქვეყნების ტოპ 10-ულშია, სადაც რუსები უძრავ ქონებას ყველაზე მეტად ყიდულობენ

რუსებს შორის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში, ანუ იანვარ-ივნისში, გასული წლის მეორე ნახევართან, ანუ ივლისი-დეკემბერთან შედარებით, 2.8%-ით გაიზარდა. ამ მხრივ ქვეყანა ტოპ 10-ეულში მე-9 ადგილზეა და კვიპროსს უსწრებს. თუმცა 2024 წლის პირველ ნახევარში ზრდა უფრო მეტი იყო, როცა, 2023 წლის მეორე ნახევართან შედარებით, მოთხოვნამ 3.1%-ით მოიმატა.

ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტო Prian.ru-ს მონაცემებზე დაყრდნობით რუსული „კომერსანტი“ წერს.

ყველაზე მეტად რუსები უძრავ ქონებას თურქეთში ყიდულობენ, სადაც წლის პირველ ნახევარში მოთხოვნა, შარშანდელთან შედარებით, 27%-ით გაიზარდა. თუმცა აქაც ეს მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე ნაკლებია, როცა 32%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

თურქეთის შემდეგ არაბთა გაერთიანებული საემიროებია (+9%), ხოლო სამეულს ტაილანდი ხურავს (+7.8%)

საქართველოში რუსების მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 2.8%-ით გაიზარდა

საინტერესოა მონტენეგროს (ჩერნოგორიის) მაგალითი, რომელიც 2024 წლის პირველ ნახევარში 9.9%-ით მესამე ადგილს იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რუსებისთვის ქვეყანაში შესვლა გაამკაცრა, წელს მან მხოლოდ 3%-იანი ზრდით მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. კერძოდ, მონტენეგრო ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას გეგმავს. ამჟამად რუსებს იქ ვიზა ჯერ არ სჭირდებათ და უფლება აქვთ, ქვეყანაში 30 დღემდე ვადით სპეციალური დოკუმენტის გარეშე შევიდნენ ან იცხოვრონ, მაშინ, როცა ადრე ეს პერიოდი 3 თვემდე იყო. ქვეყანაში 90 დღემდე დარჩენისთვის რუსებს მრავალჯერადი შესვლის ვიზა სჭირდებათ. მონტენეგრო შენგენის ზონის რეგულაციების განსახორციელებლად რეფორმების სერიას გეგმავს, რადგან ევროკავშირმა თავისი მოთხოვნები წაუყენა და ქვეყნისგან 2027 წლისთვის რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ვიზების სავალდებულო შემოღებას ითხოვს.

2025 წლის პირველ ნახევარში რუსები ყველაზე ხშირად უძრავ ქონებას შემდეგ 10 ქვეყანაში ყიდულობდნენ:

  1. თურქეთი - (+27%; 2024-ში +32%)
  2. არაბთა გაერთიანებული საემიროები - (+9.2%; 2024-ში +10.1%)
  3. ტაილანდი - (+7.8%; 2024-ში 6.7%)
  4. ეგვიპტე - (+6.3%; 2024-ში +4.1%)
  5. იტალია - (+6%; 2024-ში +4.3%)
  6. ბულგარეთი - (+3.1%; 2024-ში +5.4%)
  7. მონტენეგრო - (+3%; 2024-ში +9.9%)
  8. ესპანეთი - (+3%; 2024-ში +5.3%)
  9. საქართველო - (+2.8%; 2024-ში +3.1%)
  10. კვიპროსი - (+2.5%; 2024-ში +4.1%)

მთლიანობაში, იანვარ-ივნისში რუსების მოთხოვნა უცხოურ უძრავ ქონებაზე, გასული წლის მეორე ნახევართან, ანუ ივლისი-დეკემბერთან შედარებით, 6.5%-ით გაიზარდა. თუმცა წლიური თვალსაზრისით კლებამ 24% შეადგინა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა