ულამაზესი მონასტერი თბილისის მუნიციპალიტეტში, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
უძოს მთა თბილისის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოების მთაწმინდის ქედის თხემზე მდებარეობს. მისი სიმაღლე სიმაღლე 1416 მეტრია. სწორედ უძოს მთაზე დგას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. აქ სასიამოვნო, გრილი ტყითაც შეძლებთ დატკბობას და გაშლილი სივრცეებითაც.
უძოს წმ. გიორგის სახელობის შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია ლეგენდის მიხედვით უშვილო (უძეო) კაცს აუშენებია და წმინდა გიორგის შეხვეწებია, შვილი მომეციო. მისი ნატვრა ასრულებულა და ამის შემდეგ აქ სალოცავად მოდიოდნენ უშვილო ქალები. მოსალოცად ამოსული ადამიანები შესაწირავს ერთ ხეზე ტოვებდნენ (ამ ხეს დღესაც ნატვრის ხეს ეძახიან).
სიტყვა უძეოდან მთას და ეკლესიასაც უძო ეწოდა. აღდგომის მომდევნო სამშაბათ დღეს უძოობის დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაულზე ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა იკრიბება. უძოს მონასტრამდე მიდის სამანქანე გზა. თუკი კოჯრის ავტობუსს გაყვებით, ფეხით გასავლელი 1,5 კმ გექნებათ.