თეგებით ძიება

როგორია კავკასიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა?

კავკასიის რეგიონი ეკონომიკურად გამორჩეულ და თან უცნაურ მდგომარეობაშია, რადგან აქ ფიქსირდება როგორც მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე რეკორდული ინფლაცია, მაღალი რეფინანსირების განაკვეთები და ეროვნული ვალუტების უჩვეულო მერყეობა.

გთავაზობთ ქვეყნების მიმოხილვას დეტალურად:

თურქეთი

ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ებრძვის.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში წლიური ინფლაციის დონე 35%-ია. ეს კი იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 46%-იან ნიშნულზე ინარჩუნებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 18%-ითაა გაუფასურებული და ერთი დოლარის გაცვლითი კურსი ამჟამად 40 ლირას შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, წელს თურქეთის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.1%-ით შემცირებული მაჩვენებელი იქნება. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის გამო, სავარაუდოდ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება და საგრძნობლად შემცირდება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში ვითარება უფრო სტაბილურადაა. წლიური საშუალო ინფლაცია 5%-ის ფარგლებში მერყეობს. ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 7.25%-ია. რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, IMF-ის პროგნოზით, წელს ქვეყნის მშპ-ის მოცულობა 3.5%-ით გაიზრდება.

სომხეთი

რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 4.5%-ით გაიზრდება.

რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 6.75%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 4%-ის ფარგლებშია.

რუსეთი

რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1.5% იქნება.

ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 10%-ის ფარგლებშია; ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 20%-ს შეადგენს.

რუბლის კურსს რაც შეეხება, ის ერთ დოლარზე ამჟამად 78-ს შეადგენს, რაც 13%-იან გამყარებას წარმოადგენს.

საქართველო

ბოლოს, საქართველოს რაც შეეხება. IMF-ის პროგნოზით, მიმდინარე 2025 წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ია, ხოლო ინფლაცია 4%-იან ნიშნულზეა, რაც სამიზნე მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება.

ერთწლიან პერიოდში, ეროვნული ვალუტის კურსი შედარებით სტაბილურია და ამჟამად დოლარის გაცვლითი კურსი 2.72 ლარს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა