თეგებით ძიება

თბილისის მეტროს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის წარმოებულ ვაგონებს მიაწვდიან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფისგან" გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიერ ფინანსდება.

მეტროს ვაგონების ტენდერში კომპანიამ საკუთარი წინადადება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს წარადგინა და მას თბილისის მერია 2025 წლის თებერვლიდან სწავლობდა. ტენდერის თანახმად მერია 97 ერთეული ვაგონის შესყიდვას გეგმავდა და მასში "ჯი-თი ჯგუფის" მიერ წარდგენილი ფასი 130 მილიონი ევრო იყო. თუმცა როგორც ირკვევა ტენდერის პირობები შეიცვალა და მერია 111 ვაგონს შეიძენს და კონტრაქტის ღირებულება 150 მილიონი ევრო იქნება. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 1.35 მილიონი ევრო, ანუ 4.3 მილიონი ლარი იქნება.

ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული იქნება 4-ვაგონიანი 11 ერთეული კი 5-ვაგონიანი.

CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას აქვს გამოცდილება მეტროს ვაგონების მიწოდების არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის (ბეიჯინგი, შანჰაი, ჰონკონგი და სხვა), არამედ თურქეთისთვის (ანკარა), არგენტინისთვის (ბუენოს აირესი), ფილიპინებისთვის (მანილა) და შეერთებული შტატებისთვის, სადაც ბოსტონში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში CRRC-ის ვაგონები მოძრაობენ.

ახალი ვაგონების მიღება 2026 წლიდან უნდა დაიწყოს და ის 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ტენდერის თანახმად, მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრებია:

  • ერთი ვაგონის სიგრძე 18.5-დან 19.5 მეტრამდე უნდა იყოს გადაბმის ჩათვლით;
  • მატარებლების ვაგონები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს გამჭოლი გასასვლელით, შესაბამისად ერთი ვაგონიდან მეორეში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი;
  • ვაგონის სიმაღლე 3.65 მეტრი, სიგანე კი 2.7 მეტრი უნდა იყოს;
  • ვაგონის მგზავრთა ტევადობა მაქსიმუმ 280 მგზავრი უნდა იყოს, რაც 5-ვაგონიან შემადგენლობაზე მაქსიმუმ 1,400 მგზავრია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა