თეგებით ძიება
14. 07. 2025 ბიზნესი

გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები შევიდა - რა იცვლება ბიზნესისთვის?

გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილებები შევიდა - პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 26 ივნისს მიიღო. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ბიზნესისთვის გარემოზე ზეგავლენის შეფასების პროცედურების გამარტივება იყო. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის პირველადი რედაქცია ბიზნესისთვის უფრო მეტ ხელისშემწყობ მექანიზმს ითვალისწინებდა, თუმცა პარლამენტმა ცვლილებების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა.

საბოლოოდ, რა ცვლილებები შევიდა გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსში, ამ თემაზე BM.GE გარემოსდაცვით საკონსულტაციო კომპანია Greenstep-ის დირექტორს ქრისტინე კოროშინაძეს ესაუბრა.

- რა ცვლილებებზეა საუბარი? რომელ სექტორებს ეხება ის?

- მნიშვნელოვანია ბიზნესმა იცოდეს, რომ 26 ივნისს კოდექსში შეტანილი ცვლილებები უკვე ამოქმედდა. დარჩენილი ნაწილი 2025 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. ამოქმედებული ცვლილებები კონკრეტულად რომელიმე სექტორს არ ეხება. ცვლილებები თანაბრად ვრცელდება კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის ყველა ტიპზე და შესაბამისად, ყველა სექტორზე.

საუბარია მაგალითად იმაზე, რომ როცა გარემოს ზეგავლენის შეფასებაზე სააგენტო მიმართავს სხვა უწყებებს მოსაზრებებისთვის, მათ ექნებათ კონკრეტული ვადა, ამ ვადაში პასუხის არგაცემის ან ვადის გაჭიანურების შემთხვევაში კი, გადაწყვეტილება დადებითად ჩაითვლება და სააგენტო აღარ დაელოდება სხვა უწყებების პასუხს განუსაზღვრელი დროით. ეს, ერთი მხრივ, დააჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, თუმცა, მეორე მხრივ, ამან შეიძლება რიგი კითხვები გააჩინოს საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ამ ჩანაწერით ძალიან დიდი საპასუხისმგებლო როლი ეკისრებათ უწყებებს, რომ დროულად, შესაბამის ვადებში მიიღონ ხოლმე გადაწყვეტილებები.

[გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პროექტებს 2 ნაწილად ყოფს - მსხვილი პროექტები, რომლებსაც გარემოს ზეგავლენის შეფასების ჩატარების ვალდებულება აქვთ და პროექტები, რომლებისთვისაც ამ ვალდებულების გაჩენა სკრინინგის პროცედურაზე და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეს საქმიანობები კოდექსში დანართების სახით არის წარმოდგენილი, სადაც ცვლილებები განიხილებოდა.]

- კოდექსის პირველ და მეორე დანართში (საქმიანობების ჩამონათვალში) წინა ცვლილების დროს ბევრი სიახლე იყო, ამ ეტაპზე შეიცვალა თუ არა რაიმე?

- პირველ მოსმენაზე ჩვენ ვიხილეთ ცვლილებების უფრო მსუყე პაკეტი, მათ შორის უფრო მეტი ცვლილება იყო დაგეგმილი კონკრეტულად პირველ და მეორე დანართებში არსებული საქმიანობებისთვის, თუმცა ამ მონაცემებით, რა საკითხებიც უკვე ამოქმედდა, ეხება მაგალითად საავტომობილო გზაზე გვირაბის ან ხიდის მშენებლობას, სადაც უკვე დაკონკრეტდა, რომ გზშ-ს პროცედურა აღარ დასჭირდება ისეთი ხიდის მშენებლობას, რომელიც შენდება არსებული ხიდის ჩასანაცვლებლად ან ძალიან ახლო მიმდებარე მომიჯნავე ტერიტორიაზე.

ასევე, მეორე დანართიდან ამოიღეს პუნქტი, რომლის დროსაც სკრინინგს ექვემდებარებოდა წყალდიდობის და დატბორვის საწინააღმდეგო სამუშაოები, რაც სავსებით მიზანშეწონილად მიმაჩნია, რადგან მსგავსი ტიპის პრევენციული სამუშაოების ჩატარება ხშირად იმდენად სასწრაფო საკითხია ხოლმე, რომ სკრინინგის გადაწყვეტილებას ვერ დაელოდები.

ჩემი აზრით, ასევე საინტერესოა ის საკითხები, რომლებიც წინა ცვლილების დროს განიხილეს და ამ მოცემულობით აღარ განიხილება. მაგალითად, ქარის სადგური, რომელიც წინა რედაქციის მიხედვით, პირველ დანართში გადადიოდა, ანუ უფრო მკაცრი პროცედურები უნდა გავრცელებულიყო, და გზშ-ს ექვემდებარებოდა. ახლანდელი ვითარებით ვხედავთ, რომ ეს საკითხი დარჩა ძველი რედაქციის მიხედვით და ქარის სადგურები ისევ მეორე დანართშია, ანუ აუცილებლად გზშ-ს არ ექვემდებარება.

- ⁠საბოლოო ჯამში, როგორ აისახება ბიზნესზე არსებული და დაგეგმილი ცვლილებები?

- საინტერესოა, გზშ-ს ვადის გაზრდის საკითხი, რომელსაც უკვე ამ ცვლილების პაკეტში ვხედავთ, ესეც შევა მალე ძალაში. კერძოდ, დღევანდელი რედაქციით ასე იკითხება, რომ გზშ-ზე გადაწყვეტილების ვადა 45 დღის ნაცვლად, გაზრდილია 85-90 დღემდე. სავარაუდოდ, გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა ამ შემთხვევაში სააგენტო, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ ვადის გაზრდის დაბალანსება რაღაცნაირად მოხდება სხვა პროცესების შემცირების ხარჯზე და ერთიანობაში ბიზნესს არ გაუჭიანურდება გარემოს დაცვითი გადაწყვეტილების გაცემის პროცესი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა