5 თვეში თბილისში 1.2 მლრდ დოლარის ბინები გაიყიდა
"2025 წლის მაისში გაყიდული ბინების რაოდენობა 2025 წლის იანვარი-აპრილის საშუალო გაყიდვებთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა,“ - ამის შესახბ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, გაყიდვები მაისში წლიურად 48.1%-ით გაიზარდა, რაც 2024 წლის მაისის რეკორდულად დაბალი ბაზითაა გამოწვეული.
ამასთან, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის 5 თვის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.
„პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 81% უკვე გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 5 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა ჯამურ გაყიდვებში 11% შეადგინა,“- ვკითხულობთ მიმოხილვაში.
კვლევის ფარგლებში ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგების თანახმად, 2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3 325 შეადგინა.
ამასთან, ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა. კერძოდ, 2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15 865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+2.6% წ/წ).
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა 2025 წლის ივნისში, ჩაატარეს სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 135-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს).