თეგებით ძიება

ივნისში თბილისში ბინების ტრანზაქციები 11%-ით, საშუალო გასაყიდი ფასი კი 23.1%-ით გაიზარდა - Colliers

Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ივნისში თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლის ჭრილში 11%-ით გაიზარდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ გაზრდილია როგორც ბაზრის ზომა, ასევე გასაყიდი ფასები.

ტრანზაქციების რაოდენობა და ბაზრის ზომა

2025 წლის ივნისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,363 ერთეული შეადგინა და წინა წლის ივნისთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 21%-ით იყო შემცირებული.

ივნისში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 8.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ახალი პროექტების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მოხდა ძირითადად მეორეული ბაზრის ხარჯზე. ძველ პროექტებში, გასული თვეებისგან განსხვავებით, ზრდის ტენდენცია შეინიშნა - 2024 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 16.6%-ით არის გაზრდილი. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით.

ბაზრის ზომა 21.5%-ით, 253 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

საშუალო შეწონილი ფასი

2025 წლის ივნისში თბილისის ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 23.1%-ით გაიზარდა. გარეუბანში 9.7%-იანი, ხოლო ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის ივნისში ერთბაშად დარეგისტრირდა ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 9.3%-ით გაიზარდა.

ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 10.6%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.8%-ით - ქალაქის ცენტრში, ხოლო ფართო ცენტრში 6.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა