სუბსიდირებული იპოთეკური სესხების რაოდენობამ 8,000-ს მიაღწია - პროგრამის პირობები
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა რიცხვმა უკვე 8000-ს მიაღწია, ხოლო იმ სესხების მთლიანი მოცულობა, რომელზეც სუბსიდია ვრცელდება უკვე 932 მილიონ ლარს შეადგენს.
იპოთეკური კრედიტის სუბსიდირების პროგრამისთვის მიმართვა შეუძლიათ ოჯახებს, თუკი კრედიტის აღების დროს 1 წლამდე შვილი ჰყავთ. 2025 წლის პირველ კვარტალში პროგრამას 332 ბენეფიციარი დაემატა, რომელთა კრედიტების ჯამიც 47 მილიონი ლარია.
პროგრამას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ 2021 წლიდან ახორციელებს და მისი მიზანი ბავშვიანი ოჯახების ბინის/სახლის აშენების ან შეძენის პროცესში ხელშეწყობაა. პროგრამა გულისხმობს იპოთეკურ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას 5 წლის განმავლობაში. სესხის მაქსიმალური ლიმიტი 200 000 ლარს შეადეგენს.
„პროგრამის თანახმად, ოჯახებს პირველ და მეორე შვილზე საშუალება აქვთ, მიიღონ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5%, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 4.5%-ს. მესამე და შემდგომ შვილზე კი - რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1.5%, რაც დღეის მდგომარეობით 6.5%-ს შეადგენს“, - აღნიშნავს ირაკლი გაბრიაძე.
2025 წლის პირველ კვარტალში იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე სულ 7.6 მილიონი ლარი დაიხარჯა.
რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?
პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს.
200 000 ლარზე მეტი მოცულობის სესხებზე, დარჩენილი თანხა შესაძლოა დაფინანსდეს მსესხებლის თანამონაწილეობით ან ბანკის მიერ, პარალელური იპოთეკური სესხით.
პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი შვილი შესაძლებლობა აქვს პროგრამაში ჩაერთოს 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგაც, თუ ამ თარიღის შემდგომ შეეძინება შვილი ან შვილად აიყვანს ბავშვს;
- ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს შვილი, რომლის აყვანა განხორციელდა 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
- სუბსიდირების პროცენტი დაანგარიშება ხდება შემდეგნაირად:
- თუ მსესხებელს ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის, ან აყვანილი შვილი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3,5%-ს, არაუმეტეს 6 %-ის ოდენობით.
- თუ მსესხებელს ჰყავს 3 ან მეტი შვილი და 2022 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინა შვილი ან შვილად აიყვანა ბავშვი, პროგრამა დაასუბსიდირებს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 1,5%-ს, არაუმეტეს 8%-ის ოდენობით.