ევროკავშირში გაწევრიანებიდან ხორვატიის ეკონომიკა გაორმაგდა - როგორ ცხოვრობს გაერთიანებაში შესული ყველაზე ბოლო ქვეყანა
ხორვატია ბოლო ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირს 2013 წელს შეუერთდა. კერძოდ, ქვეყანამ წევრობაზე განაცხადი 2003 წელს გააკეთა, 2005-დან 2011 წლამდე კი მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობდა. 2011 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირისა და ხორვატიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს გაწევრიანების ხელშეკრულებას.
2012 წლის იანვარში გამოკითხულ მოქალაქეთა 66%-მა მხარი დაუჭირა შეერთებას. 2013 წელს, განაცხადიდან ათწლიანი პროცესის შემდეგ ხორვატია კავშირის 28-ე წევრი გახდა. ამჯერად ევროკავშირში 27 ქვეყანაა, რადგან 2020 წელს გაერთიანება დიდმა ბრიტანეთმა დატოვა.
2023 წლის 1-ლი იანვრიდან ხორვატიის ოფიციალურ ვალუტად ევრო გამოცხადდა, რომელმაც ხორვატიული კუნა იმავე წელს თანდათან ჩაანაცვლა.
როგორ განვითარდა ხორვატიის ეკონომიკა ევროკავშირსა და ევროზონაში გაწევრიანების შემდეგ?!
ქვეყნის ძირითადი ინდუსტრიები ტურიზმი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საავტომობილო წარმოება, კვების პროდუქტების გადამუშავება, ფარმაცევტული მრეწველობა, ლოგისტიკა, მეტალურგია და ტექსტილია.
მშპ გაორმაგდა, ხელფასები 3-ჯერ გაიზარდა - EU-ში გაწევრიანების შედეგი
GDP
მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ხორვატიის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წელს ხორვატიის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 3.9%-იანი წლიური ზრდით 92.53 მლრდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როცა 2023 წელს 84.39 მლრდ დოლარი იყო. ქვეყნის მშპ გლობალურ ეკონომიკაში 0.09%-ს შეადგენს.
ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ანუ 2013 წელს ხორვატიის მშპ მხოლოდ 44.3 მლრდ ევროს შეადგენდა.
ხარჯის მხრივ, მშპ-ის ძირითად კომპონენტსა და მისი მთლიანი გამოყენების 60%-ს კერძო საყოფაცხოვრებო მოხმარება შეადგენს, შემდეგი სამთავრობო ხარჯი (20%) და ძირითადი კაპიტალის მთლიანი დაგროვებაა (19%). მშპ-ის 46% საქონლისა და მომსახურების ექსპორტის წილია, ხოლო იმპორტს 44%-იანი წილი უკავია, რაც მთლიან მშპ-ის 2%-ს უმატებს.
2024 წელს ხორვატიის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 17.770 დოლარით განისაზღვრა, რაც 1990 წლის შემდეგ ისტორიული მაქსიმუმია. ის მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის 141%-ს უტოლდება. ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 2013 წლისთვის ხორვატიის ერთი მოქალაქის საშუალო ეკონომიკური გამომუშავება 10.4 ათასი ევროს შეადგენდა.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე 42.631 დოლარს შეადგენდა, რაც მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის 240%-ს უტოლდება. ორი წლის წინ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 8 ათასი დოლარით ნაკლები იყო და, საშუალოდ, 34 ათას დოლარს შეადგენდა.
სექტორები
მშპ-ის 22% გადამამუშავებელ სექტორზე მოდის, ხოლო წამყვანი დარგები ხის დამუშავება, ასევე, ტექსტილის, ფოლადის, ალუმინისა და კვების მრეწველობაა. თევზჭერა, სატყეო მეურნეობა და სოფლის მეურნეობა მშპ-ის, დაახლოებით, 8%-ს შეადგენს.
ხორვატიაში ეკონომიკის მთავარი მომგებიანი სექტორი მომსახურების სექტორია. მისი წვლილი რესპუბლიკის წლიურ მშპ-ში, მინიმუმ, 75%-ია და ეს მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ისეთ ევროპულ ქვეყნებში ფიქსირდება, როგორიც პოლონეთი, რუმინეთი და ლატვიაა.
ტურიზმი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. ქვეყანას წელიწადში 16 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი ჰყავს.
ამასთან, ხორვატიის ეკონომიკა სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ, ბოქსიტის, ნავთობის, ქვანახშირის მოპოვებას, ასევე, საზღვაო ტრანსპორტსა და ტურიზმის ინდუსტრიას ეფუძნება.
დასაქმება/უმუშევრობა
ხორვატიის სამუშაო პოტენციალი, დაახლოებით, 1.500 მლნ ადამიანს შეადგენს. მოქალაქეების, დაახლოებით, 73% მომსახურების სექტორში არის დასაქმებული. 2024 წელს უმუშევრობის დონემ 6.3%-ს მიაღწია, მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 2013 წელს უმუშევრების წილი თერთმეტი პროცენტული პუნქტით მეტი, 17.3% იყო. უმუშევრობის შემწეობის ოდენობა დაზღვეული პირის ბოლო სამი თვის ხელფასზე არის დამოკიდებული. შემწეობა 78-დან 450 დღემდე გაიცემა.
სიღარიბე
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ხორვატიამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა სიღარიბის შემცირების კუთხით და ერთ სულ მოსახლეზე რეალური შემოსავალი საშუალოწლიურად 4.7%-ით გაიზარდა. ამან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაში სიღარიბის დონის 2012 წლის 8.1%-იდან 2022 წელს 1.9%-მდე შეამცირა. შემოსავლების უთანასწორობა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე კვლავ დაბალია. სოფლად სიღარიბის მაჩვენებელი ორჯერ მაღალია და 25%-ს შეადგენს, მაშინ, ქალაქებში 19.4%, ხოლო გარეუბნებში 12.3%-ია. ქვეყნის ღარიბი მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი სოფლად ცხოვრობს.
არსებული პროგნოზით, სიღარიბე 2023 წლის 1.9%-დან წელს 1.6%-მდე მოკრძალებულად შემცირდება. 2013 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 25%-მდე შეადგენდა, თუმცა მოსახლეობის 19.3%-ს კვლავ საშუალო დონის 60%-ზე ნაკლები შემოსავალი რჩება.
ინფლაცია
2024 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია შენელდა და 4.5% შეადგინა, თუმცა ევროზონის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელზე დარჩა. ეს გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს აღემატება, რომელიც 2.57%-ია. ძლიერი შემოსავლების მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდისა და პენსიების ინდექსაციის გამო მშპ-ის 2.4%-მდე გაიზარდა. ამის მიუხედავად, სახელმწიფო ვალი მტკიცე კლების გზაზე დარჩა და 2024 წლის ბოლოსთვის მშპ-ის 60%-ზე დაბლა დაეცა, რაც 2010 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ხელფასი
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ხორვატიაში მინიმალური ხელფასი, პირველ კვარტალთან შედარებით, უცვლელი დარჩა თვეში 970 ევრო შეადგინა, მაშინ, როცა ევროკავშირში გაწევრიანებამდე, 2013 წელს რეკორდულ მინიმუმს, 372 დოლარს შეადგენდა.
ექსპორტ-იმპორტი
2024 წელს საქონლის ექსპორტი, 2023 წლის მკვეთრი კლების შემდეგ, 5.4%-ით გაიზარდა. საქონლის ექსპორტის აღდგენამ და ძლიერმა შიდა მოთხოვნამ იმპორტის 5.3%-ით ზრდა გამოიწვია, რამაც სუფთა ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედა.
ხორვატიას თავისი პროდუქცია, ძირითადად, იტალიაში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, გერმანიაში, სლოვენიაში, ავსტრიასა და სერბეთში გააქვს, ხოლო მთავარი საიმპორტო საქონელი დანადგარები და მოწყობილობები, მინერალური პროდუქტები, ქიმიური და მასთან დაკავშირებული სამრეწველო პროდუქცია, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებები, არაძვირფასი ლითონი, პლასტმასი და პლასტმასის პროდუქტებია.
წყარო: bpn