ენერგოეფექტურობის აუცილებელი პირობა აძვირებს პროექტს და საბოლოოდ აისახება უძრავი ქონების ფასებზე
„მშენებლობის გაძვირება გავლენას ახდენს სამშენებლო სექტორზე“, - ამის შესახებ პირველი საკრედიტო კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა და „მწვანე ინვესტიციების” დამფუძნებელმა გივი კორინთელმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი თვის ჭრილში 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 5%-იან მატებას აჩვენებს.
მაისში, აპრილთან შედარებით, მშენებლობის გაძვირება განპირობებული იყო სამშენებლო მასალების ფასების 0.3%-იანი ზრდით. რაც შეეხება წლიურად ფასის მატებას, აღნიშნული მეტწილად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.8%-იანი ზრდითა და სამშენებლო მასალების 2%-იანი გაძვირებით.
„აძვირებს დეველოპერულ პროექტებს და აისახება უძრავი ქონების ფასზე“
„მშენებლობის გაძვირება, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სექტორზე. დეველოპერული პროექტში ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის სწორედ მშენებლობაზე. მუშახელის თუ სამშენებლო მასალის გაძვირება თავისთავად ზემოქმედებს სექტორზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს იმის ანალიზი, რა გაძვირდა კონკრეტულად, მაგალითად ეს იყო ძირითადი სამშენებლო მასალა, არმატურა, მოსაპირკეთებელი მასალა თუ სხვა.
ღრმა ანალიზია საჭირო იმისთვის რომ განისაზღვროს, სამომავლოდ მშენებლობის გაძვირება როგორ აისახება უძრავი ქონების ფასებზე. ზოგადად, გასათვალისწინებელია, რომ სექტორში განხორციელებული რეგულაციები, ისეთი მაგალითად როგორიცაა ენერგოეფექტურობის აუცილებელი პირობა, აძვირებს დეველოპერულ პროექტს და საბოლოოდ აისახება უძრავი ქონების ფასებზე“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გივი კორინთელი.