ბათუმში წელს 7 129 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში
2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 4.8%-ით გაიზარდა და ჯამში ექვს თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 7 129 ერთეული შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია „ქორლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.
ამავე კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 16.1%-ით გაიზარდა და 397 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ბათუმში 2025 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 16.1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 184 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 20%-ით, 1 169 აშშ დოლარამდე, გაიზარდა“, - აღნიშნულია „ქორლიერსის“ კვლევაში.
ბათუმში ბინები გაძვირდა
რაც შეეხება მხოლოდ ივნისის მონაცემებს, ზღვისპირა ქალაქში ივნისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 25.1%-ით გაიზარდა და 1 357 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად, 19%-ით იყო შემცირებული.
„ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11.8%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (9.4%), ასევე მეორეულ ბაზარზე (10.3%). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას.
ამასთანავე, 2025 წლის ივნისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 26.7%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი, გასული თვეებში არსებული კლების ტრენდისგან განსხვავებით, 11.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ზრდის ეს ტრენდიც განპირობებულია გასული წლის ივნისში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლებით“, - აღნიშნულია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.