მარნეულში ორ იურიდიულ პირს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ - მიზეზი და დეტალები
არნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღლუჯაში ორ იურიდიულ პირს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ.
საქმე ეხება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის განსახორციელებელ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, იურიდიული პირების მიწის ნაკვეთებზე ექსპროპრიაციის უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცემულ დოკუმენტში, რომელსაც ხელს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ენუქიძე აწერს, აღნიშნულია:
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს.
რა არის მიზეზები, რის გამოც პირებს ქონება ჩამოერთმევათ
პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, დეპარტამენტის მიერ შეთანხმება, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
შპს „ენ ეს ელ ბის“ საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის საკრებულოში, სოფელ იაღლუჯაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 996 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე 595 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე და მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 252 449 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 85 530 კვ. მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებსა და შენობა-ნაგებობებზე.
1.2. შპს ,,აგრო-ვუს“ საკუთრებაში არსებულ, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩის ტერიტორიულ ერთეულში, იაღლუჯის ზამთრის საძოვრებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების – 250 065 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 39 479 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე“, - ხაზგასმულია დოკუმენტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული ქონების ეს კონკრეტული ნაწილები ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.