9 დაღუპული, ჩამოვარდნილი ვერტმფრენი - დიდი ტრაგედიის დღე გუდაურში
გუდაურში მომხდარი საშინელი ტრაგედიიდან, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ.
ტურისტის გადასარჩენად დაწყებული ოპერაცია, რომელიც პარაპლანის ინსტრუქტორთან ერთად ხევში ჩავარდა კატასტროფით დასრულდა. 9 მსხვერპლიდან: 1 ტურისტი, ეკიპაჟის 4 წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ვერტმფრენს, რომელიც გუდაურში ჩამოვარდა, პოლიციის პოლკოვნიკი, 35 წლის სტაჟის მქონე მფრინავი, ზაზა ლორია მართავდა. 2022 წლის 29 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.