2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოს 1,600,000 მ² ახალი უძრავი ქონება შეემატა - მშენებლობის სტატისტიკა
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ექსპლოატაციაში სულ 1,603,500 კვადრატული მეტრის ახალი ობიექტები შევიდა ექსპლოატაციაში. საქსტატის თანახმად, დასრულებული მშენებლობების ეს რაოდენობა წინა წელთან შედარებით 0.3%-ით მეტია.
რაც შეეხება ამ შენობების რაოდენობას, ის 1540-ს შეადგენდა, რაც წლიურად 10%-ით არის შემცირებული. საქსტატის თანახმად, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% მოდის თბილისზე, 12.6% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11% - კახეთის რეგიონზე, 8.7% ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.6% იმერეთზე, სამეგრელო-ზემო სვანეთზე 5.2%, აჭარაზე კი 3.7%.
რაც შეეხება ამ ობიექტების კატეგორიებს - 1.6 მილიონი კვადრატული მეტრიდან 1.08 მილიონი კვადრატული მეტრი მოდიოდა საცხოვრებელ შენობებზე. ამ კატეგორიის სულ 932 ობიექტის მშენებლობა დასრულდა წლის პირველ ნახევარში, სამრეწველო და სასაწყობო სივრცეზე 165 ათასი კვადრატული მეტრი მოდიოდა და ამ კატეგორიის სულ 157 ობიექტი შევიდა ექპლოატაციაში, შემდეგ პოზიციაზეა 161 ათასი კვადრატული მეტრით სასტუმროები, რომელთა რაოდენობაც 31-ს შეადგენდა. სავაჭრო ობიექტების ფართობი 74 ათასი კვადრატული მეტრი იყო, სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული ნაგებობების ფართობი კი 31 ათასი კვადრატული მეტრი იყო.
რაც შეეხება გაცემულ სამშენებლო ნებართვებს, 2025 წლის იანვარ-მაისში სულ 5,424 სამშენებლო ნებართვა გაიცა. რაოდენობრივად ეს ნებართვების 3%-იანი კლებაა, ხოლო ფართობის მხრივ დამტკიცებული ნებართვები 5.2 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. წლიურად ეს მოცულობა 3.8%-ით არის შემცირებული.
გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი ყოველთვის რამდენჯერმე აღემატება დასრულებული ობიექტების ფართობს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ნებართვა არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ობიექტი მართლაც აშენდება.