ექვს თვეში 261 სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზება განხორციელდა - „გეგმა 136.13%-ით არის შესრულებული“
2025 წლის პირველ ნახევარში ქონების ეროვნულმა სააგენტომ 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, საიდანაც აუქციონის წესით 261 უძრავი ქონება გაიყიდა.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის 6 თვის გეგმა 136.13%-ით შესრულდა. უფრო კონკრეტულად, პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში 126 332 000 ლარის გადარიცხვა უზრუნველყო. ეს კი მაშინ, როცა მიმდინარე წლის ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 92 800 000 ლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პრივატიზაციის გეგმა, 59.3%-ით არის შესრულებული.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. რაც უზრუნველყოფს პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 6 189 160 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განაგრძობს ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და პროაქტიულად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები“, - აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსისთვის“ ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან.