ივნისში, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 997 ათასამდე გაიზარდა - PMC კვლევითი ცენტრი
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2025 წლის ივნისში წინა წლის ივნისთან შედარებით, 3.4%-ით გაიზარდა და 997 254 შეადგინა.
მიმდინარე წლის ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.4%-ს შეადგენდა, რაც მაისთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ 600 ლარამდე ხელფასი ქვეყანაში 123 ათასზე მეტ (123 670)ადამიანს აქვს.
ყველაზე მეტი პირი (35%) 1200-2399 ლარის კატეგორიაში იღებს ხელფასს. აღსანიშნავია, რომ მიმოხილვა ეფუძნება შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას, რომელიც თავის მხრივ ხელფასს გადასახადების ჩათვლით ითვლის. ივნისში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.8%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.