ბათუმში ივლისში 1 664 ბინა გაიყიდა - როგორია ფასი ძველ და ახალ პროექტებში
2025 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლის ჭრილში 35.6%-ით გაიზარდა და 1 664 ერთეული შეადგინა.
„ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, გაყიდვების ზრდა ფიქსირდება როგორც ახალ, ისე ძველ პროექტებში.
„ბათუმში 2025 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 38.4%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 4.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია. ამ პროექტის გარეშე ზრდა კი 23.3%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია ბაზრის მიმოხილვაში.
რაც შეეხება ფასებს, ივლისში ზღვისპირა ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 1 359 დოლარი იყო. ეს ფასი ძველი ბინებისთვის 1 201 დოლარს შეადგენდა, ახლისთვის კი 1 369 დოლარი იყო.
„ბათუმში ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 28.9%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,369 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად (48.3%), ასევე მეორეულ ბაზარზე (12.5%). აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მსხვილ პროექტში მიმდინარე წლის ივლისში ერთიანად დარეგისტრირდა 180-მდე ტრანზაქცია, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის მკვეთრი ზრდა. ამ პროექტის გარეშე მაჩვენებელი 14.5%-ით გაიზარდა, პირველად ბაზარზე კი - 19.3%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - აღნიშნულია კვლევაში.
ცნობისთვის, „ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ივლისში ბაზრის ზომა 60.7%-ით 104 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.