თეგებით ძიება

რა არის ინფლაცია და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ცხოვრებაზე?

ინფლაცია - ეს სიტყვა თითქმის ყოველდღე გვესმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღაზიაში ფასებს ვადარებთ და გვიკვირს: „რატომ გაძვირდა ყველაფერი ასე სწრაფად?“ თუმცა, ინფლაცია მხოლოდ ფასების ზრდა კი არა, უფრო ფართო ეკონომიკური პროცესია, რომელიც პირდაპირ ეხება თითოეული ადამიანის ჯიბესა და ცხოვრების ხარისხს.

რა არის ინფლაცია?

ინფლაცია ნიშნავს ფასების ზოგად და მდგრად ზრდას დროში. თუ დღეს პურის ფასი 1.5 ლარია და მომავალ წელს 2 ლარი გახდა, ეს უკვე ინფლაციის ნიშანია. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაცია არ ეხება მხოლოდ ერთ პროდუქტს — ის ეხება მთელ ეკონომიკას, ანუ საქონლისა და მომსახურების საერთო ღირებულებას.

რატომ ჩნდება ინფლაცია?

ფასების ზრდას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს:

  • მოთხოვნა-მიწოდება – როცა ადამიანები მეტ საქონელსა და მომსახურებას ითხოვენ, ვიდრე ბაზარი სთავაზობს, ფასები იზრდება;
  • წარმოების ხარჯების ზრდა – მაგალითად, თუ საწვავი ან ელექტროენერგია გაძვირდა, მწარმოებლები იძულებულნი არიან პროდუქტი უფრო ძვირად გაყიდონ;
  • ფულად-საკრედიტო პოლიტიკა – როცა ქვეყანაში ბევრი ფულია მიმოქცევაში, მისი ღირებულება მცირდება და ფასები ავტომატურად იმატებს.

როგორ მოქმედებს ინფლაცია ადამიანებზე?

ინფლაციის გავლენა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაზე მარტივად ასე იგრძნობა: იგივე თანხით ნაკლებს ვყიდულობთ.

  • თუ ხელფასი არ იზრდება იმავე ტემპით, როგორც ფასები, რეალურად ჩვენი შემოსავალი იკლებს;
  • იზრდება საბანკო სესხების ტვირთი, რადგან პროდუქტების გაძვირებასთან ერთად ოჯახებს ყოველდღიური ხარჯებიც იმატებთ;
  • მცირდება დაგროვებული ფულის ღირებულება - მაგალითად, თუ 10 000 ლარი ბანკში გიდევს, ინფლაციის პირობებში ამ თანხით რამდენიმე წლის შემდეგ ბევრად ნაკლებს შეძლებ იყიდო.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაცია ყოველთვის ნეგატიური არ არის. პირიქით — ზომიერი ინფლაცია (დაახლოებით 2–3% წელიწადში) ბუნებრივი და სასარგებლოც კი არის, რადგან ეკონომიკას ზრდისკენ უბიძგებს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა მაჩვენებელი მკვეთრად იზრდება და ორნიშნა ხდება. ასეთ დროს ადამიანები კარგავენ რეალურ შემოსავალს, ბიზნესი ვერ გეგმავს ხარჯებს და მთლიანად ეკონომიკა დაუცველ მდგომარეობაში ვარდება.

როგორია ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში?

ბოლო წლებში საქართველოშიც არაერთხელ გვიგრძვნია ინფლაციის ტალღა. 2022 წელს ინფლაცია ორნიშნა იყო და 10–12%-ს აღემატებოდა, რამაც მკვეთრად გააძვირა საკვები და ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია. 2024 წლის ბოლოს მაჩვენებელი შემცირდა და 2–3%-ის ფარგლებში დაფიქსირდა, რაც უკვე ითვლება ნორმალურ დონედ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა