წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია საუბარი.
საქმე ეხება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ შემუშავებულ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამას“, რაც მოიცავს ელექტროგადამცემი სისტემის ნაწილის განვითარებას, მშენებლობას, რეაბილიტაციას, ასევე ქვესადგურების გაფართოებას.
როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, აღნიშნული ითვალისწინებს „წყალტუბო-ახალციხის“ 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას, არსებული წყალტუბოს ქვესადგურიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში არსებულ ქვესადგურამდე.
რამდენიმე მოქალაქეს ქონება ჩამოერთმევა
სწორედ აღნიშნული პროექტის არეალში ექცევა რამდენიმე მოქალაქის ქონება. შედეგად, მოქალაქეების: ბესიკ ჭოლაძის, თორნიკე ჭოლაძის, მარინა ჭოლაძის, ნატო უგულავას, ნიკოლოზ ჭოლაძის, სერგი ჭოლაძის და სვეტლანა ჭოლაძის თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) დაექვემდებარება.
„წყალტუბო-ახალციხის“ 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ: ბესიკ ჭოლაძის, თორნიკე ჭოლაძის, მარინა ჭოლაძის, ნატო უგულავას, ნიკოლოზ ჭოლაძის, სერგი ჭოლაძის და სვეტლანა ჭოლაძის თანასაკუთრებაში არსებულ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მდებარე 4 791 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 414 კვ.მეტრზე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში“,- აღნიშნულია ბრძანებაში.