მახინჯაურში სამი 210-მეტრიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება - საკრებულომ პროექტი დაამტკიცა
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მახინჯაურში სამი 210-მეტრიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის განაშენიანების პროექტი დაამტკიცა.
დეტალური გეგმის მიხედვით, თამარ მეფის გამზირსა და თბილისის გზატკეცილთან, სოფელ განთიადისა და დაბა მახინჯაურის მიმდებარედ მდებარე 14 მიწის ნაკვეთზე განთავსდება საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 2,950 ბინას და 40 საზოგადოებრივ სივრცეს. მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, ჯამში 967 პარკინგის ადგილი.
პროექტის დამკვეთია შპს „სიფერლი“, რომელიც 2025 წლის თებერვალში დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს მედეა ბოჭორიშვილი ფლობს. ის წარსულში ასევე ფლობდა „სიტი გაიდის“ წილებს, რომელიც სხვა ცათამბჯენების პროექტში მონაწილეობდა.
"განაშენიანების დეტალური გეგმის საფუძველზე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების, მაკომპენსირებელ ღონისძიებად განისაზღვროს საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ე.წ. „შავ კარკასულ მდგომარეობაში“ მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. საცხოვრებელი ბინა ერთეულების ფართობი დგინდება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი საანგარიშო ფართის 10%-ის ოდენობით, ან/და საპროექტო არეალში საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ე.წ. „თეთრი კარკასული“ მდგომარეობით გადასაცემი ფართის ოდენობის შესაბამისი საბაზრო ღირებულების (საბაზრო ღირებულება განისაზღვრება საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) – აუდიტის უფლებამოსილების მქონე პირის აუდიტორული დასკვნის ან სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე) გადახდით. ასეთ შემთხვევაში, საცხოვრებელი ბინა ერთეულ(ებ)ის ფართი განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ნამატი საანგარიშო ფართის 4%-ის ოდენობით, ხოლო საკომპენსაციო ღირებულება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხდება მშენებლობის ნებართვის აღებამდე," - ნათქვამია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებაში.