თეგებით ძიება

7 თვეში თბილისში 22 778 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ $1.8 მლრდ შეადგინა - G&T

Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმოხილვის თანახმად, 2025 წლის 7 თვეში თბილისში სულ 22,778 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+6% წ/წ).

ივლისში მეორად ბაზარზე გაყიდვების ზრდა გაგრძელდა და 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ამასთან, წელს გაყიდვების მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა პირველად ბაზარზეც, რასაც მიმოხილვის თანახმად, ნაწილობრივ ივლისში შეთავაზებულმა ფასდაკლებებმაც შეუწყო ხელი. Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენციები შენელებული მოთხოვნის პერიოდის შემდეგ ბაზრის სტაბილიზაციაზე მიუთითებს.

მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების მოცულობა ივლისში გაიზარდა. ამასთან, ფასებმაც ზრდა განაგრძო როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე.

მოთხოვნა

2025 წლის ივლისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,647 შეადგინა, აქედან:

მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 13.4%-ით გაიზარდა (7 თვეში -0.3% წ/წ).

პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.6%-ით შემცირდა (7 თვეში +4.7% წ/წ).

"ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), 2025 წლის ივლისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 7.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის ივლისის მაღალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, ყოველთვიური გაყიდვების დადებითი დინამიკა მოთხოვნის სტაბილიზაციაზე მიუთითებს. ჯამურად, 2025 წლის 7 თვეში გაყიდვები წლიურად 1.6%-ით გაიზარდა",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

მიწოდება

2025 წლის ივლისში ნებართვა გაიცა 20 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 113,332 კვადრატულ მეტრს შეადგენდა (+36.1% წ/წ გასული წლის დაბალი ბაზის ეფექტის გამო). ჯამურად, 2025 წლის 7 თვეში გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 2.8%-ით გაიზარდა.

ფასები

2025 წლის ივლისში, პირველად ბაზარზე ფასმა ზრდა განაგრძო. კვადრატული მეტრის საშუალო ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა და 1,340 აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) ფასი გასულ თვესთან შედარებით 0.6%-ით გაიზარდა და 1,263 აშშ დოლარი შეადგინა.

ქირა

2025 წლის ივლისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში, 1%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.5 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.1%-ით ჩამორჩება გასული წლის ივლისის ფასს.

2025 წლის აგვისტოში, ჩვენ Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული სისტემური დეველოპერების გამოკითხვა, რომელიც მოიცავდა 130-ზე მეტ საცხოვრებელ პროექტს თბილისში (ჯამურად პირველადი ბაზრის დაახლოებით 45%-ს) შემდეგ ტენდენციებს აჩვენებს:

2025 წლის ივლისში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 36.4%-ით გაიზარდა და წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო ამ თვეში შეთავაზებული ფასდაკლებებით. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები ივლისში წლიურად 7.3%-ით შემცირდა, რაც გასული წლის მაღალი ბაზით იყო განპირობებული და რაზეც ეფექტი ასევე ივლისის ფასდაკლებებს და დაგროვილ მოთხოვნას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური დინამიკა ფიქსირდება გაყიდული ბინების ფართობის მიხედვითაც.

პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინების 83% გაყიდულია. გაყიდვების უმეტესი ნაწილი დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებებით განხორციელდა.

2025 წლის 7 თვეში ისრაელის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 12% შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა