აგვისტოში თბილისში ბინების გაყიდვები 10%-ით შემცირდა
2025 წლის აგვისტოში, თბილისში სულ 2,823 ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია. ამის შესახებ TBC Capital-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაში წერია.
საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში გაყიდული ახალი ბინების წილი ჯამურად 18%-მდე შემცირდა და დედაქალაქში ამ პერიოდში 521 ახალი ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 17%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ძველ ბინებს, მიმოხილვის თანახმად, გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 8%-ით შემცირდა და 2,302-ს გაუტოლდა.
თიბისი კაპიტალში ბინების გაყიდვების შემცირების მიზეზებს განმარტავენ. საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია 2025 წლისა და 2024 წლის აგვისტოს თვეების სამუშაო დღეებს შორის განსხვავება. კერძოდ, წელს აგვისტოში ორი სამუშაო დღით ნაკლები იყო, ვიდრე წინა წელს, რაც ოფიციალურ რეგისტრაციაზე მოქმედებს. "კლება სწორედ დასვენების დღეებმა განაპირობა და არა უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის შესუსტებამ", - წერს TBC Capital.
ამასთან, 2025 წლის აგვისტოში, 50-დან 75 კვ.მ-მდე ფართობის მქონდე ბინები შენარჩუნდა გაყიდული ბინების უდიდესი წილის მქონდე კატეგორიად. გასულ თვესთან შედარებით ამ კატეგორიის წილი გაიზარდა და 45% შეადგინა. 125 კვ.მ-ზე მეტი ფართის მქონე ბინები გაყიდვების 4%-ს იკავებდა და ყველაზე პატარა წილის მქონდე კატეგორიას წარმოადგენს.
2025 წლის აგვისტოში ყველა იმ ოთხი კატეგორიის ბინების წილი, რომელთა ფასი კვ.მ-ზე არ აღემატება 1,500 დოლარს ჯამურ გაყიდვებში 2025 წლის ივლისთან შედარებით დაახლოებით ერთი ან ორი პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო მაღალი (>1.500 $/კვ.მ) საფასო სეგმენტის ბინების წილი მთლიან ტრანზაქციებში გასულ თვესთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 33% შეადგინა.
