ბათუმის უძრავი ქონების გაყიდვები - 70% უცხოელებზე, 85% - საინვესტიციო მიზნებით
ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვებში დსთ-ს ქვეყნების წილი მცირდება, ხოლო გალფის ქვეყნების მხრიდან მზარდია.
როგორც BMG-ის უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია REA Investment-ში BMG-ის განუცხადებს, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან აჭარის ბაზრისადმი ინტერესის ზრდა მათ შორის გონიოში არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერული კომპანია Emaar-ის მიერ დაანონსებულ პროექტებს უკავშირდება.
კომპანიის დირექტორის, ირმა მახარაძის თქმით, აჭარის უძრავი ქონების ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველი ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არის.
„ბათუმში გაყიდული ბინების დაახლოებით 85% საინვესტიციო მიზნობრიობისაა, მხოლოდ 15% მოდის საცხოვრებლად ინტერესზე. რეალიზაციის 70% კი უცხოელებზე მოდის. თუ ადრე დსთს-ს ქვეყნებიდან ინტერესის დიდი წილი იყო, ახლა უფრო დივერსიფიცირებულია ეს მოთხოვნა. დსთ-ს ქვეყნების წილი შემცირდა, ხოლო გალფის ქვეყნების ინტერესი გაიზარდა. ეს იმან გამოიწვია, რომ გონიოში კომპანია Emaar-ის მიერ ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და ამ ქვეყნებიდან ინტერესი მზარდია. ინტერესი მზარდია ისრაელიდანაც, თუმცა ეს მოთხოვნა არასტაბილურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვითარებაა თავად ისრაელში. ბოლო პერიოდში ისრაელთან და გალფის ქვეყნებთან ერთად ძალიან გააქტიურდა ევროპის ქვეყნებიც. ევროპიდან მოთხოვნაა ლიეტუვადან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან.
რაც შეეხება დივერსიფიცირებას, ბოლო წლებში თავად დეველოპერების მიდგომა შეიცვალა და მიხვდნენ, რომ არ უნდა იყოს ბაზარი ერთ ქვეყანაზე დამოკიდებული და რომ რეალურად სხვა ქვეყნების ინვესტორებისთვისაც ვართ საინტერესო. შესაბამისად, უფრო მერი სარეკლამო კამპანია კეთდება როგორც გალფის, ასევე ევროპის და ისრაელის მიმართულებით“, - განაცხადა ირმა მახარაძემ.