"მიწის ნაკვეთების გაყიდვები 20%-ით გაიზარდა"- რა დანიშნულებით ყიდულობენ მიწის აქტივს საქართველოში?
თბილისსა და რეგიონებში მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება. განსაკუთრებული ინტერესი საინვესტიციო მიწის ნაკვეთებზე შეიმჩნევა, რაც საბროკერო კომპანიების თქმით, უმეტესად ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი გაურკვევლობის გამო გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება.
ზოგიერთი კომპანიის შემთხვევაში ზაფხულის სეზონზე, რომელიც ამ ბაზარზე განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევა, გაყიდვები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. დეფიციტური მიწის ფონდის და მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გაზრდილია კვადრატული მეტრის ღირებულებაც, რომელიც ადგილის და ფართობის გათვალისწინებით განსხვავდება. კომპანიების თქმით, განსაკუთრებით აქტიური წელს თბილისის შემოგარენი და ლისის ტერიტორიაა, სადაც არსებული მდგომარეობით ფასი მიწის აქტივზე 150-დან 450 დოლარამდე მერყეობს.
„ამ ზაფხულს ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური მოთხოვნა. შარშანდელთან შედარებით 20%-იანი მატება გვაქვს გაყიდვებში. მოთხოვნაც საკმაოდ მაღალია როგორც თბილისში, ისე თბილისის გარშემო და რეგიონებში.
მოთხოვნის ზრდასთან ერთად არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფასიც იზრდება. შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 5-10%-მდე მატებაა ამ მიმართულებით. სასოფლო დანიშნულების მიწებზე იმავეს ვერ ვიტყვი, რადგან იქ სტაბილური ფასები დაფიქსირდა მიმდინარე წლისთვის და რეგიონებში ადგილის და ფართობის გათვალისწინებით 5 დოლარიდან იწყება.
არა სასოფლო დანიშნულების მიწებთან მიმართებით თბილისიდან რომ დავიწყოთ ფასი იწყება 200 დოლარიდან და შეიძლება ავიდეს 3 500 დოლარამდეც“,- აცხადებს „ბინარეას“ დამფუძნებელი ირმა ელბაქიძე.
Brokeri.ge-ს მმართველი პარტნიორის ილია ინაშვილის შეფასებით, თბილისის შემოგარენში კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მზარდი მოთხოვნა შენარჩუნდა, თუმცა განსაკუთრებით გაიზარდა საცხოვრებელ მიწის ნაკვეთზე, როგორც სტაბილურ აქტივზე.
„სამოსახლო მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ჩემი აზრით, ეს არის გამოწვეული ალბათ იმით, რომ ბინებზე ფასი ისე აღარ იზრდება და საინვესტიციოდ ადამიანები არჩევენ უფრო სტაბილურ ქონებას, სადაც სტაბილურად იზრდება ფასები. თბილისის გარშემო საშუალოდ გვაქვს დაახლოებით 17-20%-იანი ზრდა წლიდან წლამდე. ეს არის საკმაოდ კარგი ციფრი იმისთვის, რომ ადამიანმა ადგე და საინვესტიციოდ შეიძინო ქონება, მიწის ნაკვეთი, რომელიც ძალიან სტაბილური აქტივია, რომელზედაც ყოველწლიურად იზრდება ფასი“,- აცხადებს ილია ინაშვილი.