2025 წლის ივნისში თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორის დიდი დიღომი და საბურთალო იყო - რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე?
თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე ყოველთვის ხდება ცვლილებები, რომელზეც მნიშვნელოვანია საქმის კურსში იყოთ, თუ ბინის შეძენას გეგმავთ.
2025 წლის ივნისში ყველაზე მოთხოვნად უბნებს შორის დიდი დიღომი და საბურთალოა, ყველაზე მაღალი ფასი კი - ვაკეში და მთაწმინდაზე ფიქსირდება.
ყველაზე მოთხოვნად, მზარდი მოთხოვნის მქონე და ყველაზე ნაკლებად მოთხოვნად უბნებში 2025 წლის ივნისში მაისთან შედარებით 1 კვ.მ.-ზე შემდეგი ფასები იყო:
- დიდი დიღომი - ივნისი: 1 306$ კვ.მ.-ზე და მაისში: 1 330$ კვ.მ-ზე. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული განცხადებების საშუალო გვიჩვენებს, რომ ფასის მცირედი ზრდა ფიქსირდება.
- საბურთალო - ივნისში: 1 970$; მაისში: 1 891$. განცხადებებში წარმოდგენილი ფასების თანახმად, 1-თვიან ჭრილში მცირე ზრდა ფიქსირდება.
- დიდუბე - ივნისი: 1 706$; მაისი: 1 654$. ჩვენი სტატისტიკით დიდუბეში ფასის კლება ფიქსირდება.
ახალი და ძველი ბინების გაყიდვების შედარება
„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად, 2025 წლის ივნისში ახალი ბინების გაყიდვების რაოდენობამ 680 შეადგინა, წლიურ ჭრილში კი 10%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 2556 იყო. გასულ რამდენიმე თვესთან შედარებით, ახალი ბინების წილი ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობაში გაიზარდა და 21%-ს გაუტოლდა.
საინტერესოა, რომ 2025 წლის ივნისში 2024 წლის ივნისთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია ჯამურ ტრანზაქციებში იმ ბინების წილი, რომელთა ფასი კვ,მ.-ზე 900 აშშ დოლარს აღემატება. რაც შეეხება ბინებს, რომელთა ფასიც კვ.მ.-ზე 900 აშშ დოლარზე დაბალია, მათი წილი ჯამურ გაყიდვებში წლიურად 14 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. მაღალი საფასო სეგმენტის ბინების წილი კი მთლიან ტრანზაქციებში 28%-ს შეადგენს, რაც წლიურ ჭრილში 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორი იყო 2025 წლის ივნისში მოთხოვნა ბინებზე ფართობის მიხედვით?
აღნიშნული კვლევა გვაჩვენებს, რომ 50-დან 75 კვ.მ.-მდე ფართობის მქონე ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 44%-ს შეადგენს და კვლავ უდიდესი წილის მქონე კატეგორიად ნარჩუნდება. აღნიშნულ ფართობს უძრავი ქონების სექტორში წამყვანი პოზიცია უჭირავს. რაც შეეხება უფრო დიდ, 125 კვ.მ.-ზე მეტი ფართის მქონე ბინებს, მათი წილი დაბალია და მხოლოდ 4%-ს შეადგენს. იგივე ტენდენციაა ჩვენს უძრავი ქონების ვებგვერდზე, SS.ge-ზეც, სადაც მომხმარებლები შეძენის მიზნით ძირითადად 50-დან 75 კვ.მ.-მდე ბინებს ეძებენ.