ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრების 4 უპირატესობა
ჩვენი ქვეყნის წამყვანი ეკონომიკური ცენტრების - თბილისისა და ბათუმის ურბანიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. მოთხოვნა მზარდია როგორც საცხოვრებელ, ისე საინვესტიციო უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით კი ახალაშენებულ ბინებსა და აპარტამენტებზე.
განვმარტოთ მიზეზები, რის გამოც ახალაშენებულ ბინაში ცხოვრება ან მისი საინვესტიციოდ შეძენა უფრო მომგებიანია:
მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე რეგულაციების შესაბამისად
საბჭოთა პერიოდში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები ძირითადად, ასაწყობი კონსტრუქციებით შენდებოდა. ისინი მზადდებოდა რკინა-ბეტონის ქარხნებში, შემდეგ კი იგზავნებოდა უშუალოდ ობიექტზე, სადაც ლეგოს მსგავსად ეწყობოდა. აღნიშნული მეთოდის მთავარი ნაკლი იყო ის, რომ კონსტრუქციის კვანძების სწორად შეერთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ადამიანური შეცდომის ალბათობა კი ყოველთვის არსებობდა. საბჭოთა პრაქტიკა დღეს მონოლითური მშენებლობით შეიცვალა, რაც მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თუმცა მეტად ხარჯიანია.
ამასთან, ახალი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობისას კომპანიები 2009 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნორმებითა და წესებით ხელმძღვანელობენ. ნორმების თანახმად, ნაგებობა უნდა აკმაყოფილებდეს „სეისმომედეგი მშენებლობის“ ნორმებს, სადაც გაწერილია, რა სახის ქანზე რამდენ მაგნიტუდაზე გათვლილი ნაგებობა უნდა აშენდეს და სხვა.
მნიშვნელოვანი საკითხია სახანძრო უსაფრთხოებაც, რაც ძველ კორპუსებში ერთ-ერთი კრიტიკული პრობლემაა. დღეს ახალი შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში ვერ შევა, თუ არ აკმაყოფილებს 2016 წელს მიღებულ 41-ე დადგენილებას ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე. რეგლამენტი ეხება სახანძრო უსაფრთხოებას, რაც მაცხოვრებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დეველოპერისგან მოითხოვოს დოკუმენტი, რითაც დარწმუნდება, რომ შენობა დადგენილებასთან შესაბამისობაშია.
გარდა აღნიშნული ნორმებისა, ახალი რეგულაციები ნიადაგის კვლევასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალაშენებულ კორპუსში უფრო დაცულები ვართ.
გარდა ამისა, უპირატესობებს შორის არის თანამედროვე ლიფტიც, რომლის მოვლა-პატრონობასაც დეველოპერი ან ამხანაგობა უზრუნველყოფს, თუმცა ძველ კორპუსებთან შედარებით აღნიშნული საკითხი მარტივად არის გადაჭრილი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებიც არ ჩნდება.
სამშენებლო კომპანიებმა ეკომეგობრული სამშენებლო მასალების გამოყენება დაიწყეს, რაც კომუნალური ხარჯების დაზოგვის საშუალებას იძლევა
მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამშენებლო კომპანიები ერთი მხრივ, ითვალისწინებენ გარემოსთვის ზიანის მიყენების ფაქტორს და ახალი მიდგომებით ცდილობენ, ის მინიმუმამდე დაიყვანონ, ამასთან, იზრუნონ ადამიანის ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოიყენონ.
რაც შეეხება კომუნალური ხარჯების დაზოგვის ნაწილს, მშენებლობისას თბოიზოლაციისთვის იზობლოკი, ქვაბამბა თუ სხვა იმგვარი მასალები გამოიყენება, რაც მობინადრეს ყოველთვიურ გადასახადებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
ბინის სასურველი დიზაინით პროექტირების შესაძლებლობა
თანამედროვე ბინები საბჭოთა პერიოდში აშენებულთან შედარებით, მეტად იძლევა სივრცის გონივრულად ათვისების საშუალებას. ამასთან, თუ უძრავ ქონებას მშენებლობისას ან თუნდაც თეთრი კარკასის მდგომარეობაში შევიძენთ, საკუთარი საჭიროების შესაბამისად გვაქვს მისი დაპროექტების შესაძლებლობა და შემდეგ ცვლილებების განსახორციელებლად დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოგვიწევს.
აღსანიშნავია, რომ ძველი ბინის რემონტი და პროექტის ცვლილება საკმაოდ ხარჯიანი პროცესია, თუმცა შეიძლება, საბოლოოდ, სასურველი შედეგის მიღება გაგვიჭირდეს.
უკეთესი ინფრასტრუქტურა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ
თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს შორის პრიორიტეტულია როგორც ადგილმდებარეობის, ისე გამწვანების კომპონენტი, რასაც სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ბოლო პერიოდში უკვე აქტიურად ითვალისწინებს. ახალი კორპუსების მიმდებარედ ეწყობა სკვერები და საბავშვო სივრცეები, რაც მობინადრეს განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს.
საცხოვრებელი კომპლექსების შემთხვევაში, დამატებითი უპირატესობაა იმ სერვისების ერთობლიობა, რასაც მობინადრე ერთ სივრცეში იღებს, იქნება ეს სკოლა, ბაღი, სპორტდარბაზი, სილამაზის სალონი, კვების ობიექტი და სხვა. ამასთან, ზოგიერთ კომპლექსში გათვალისწინებულია საცურაო აუზები, სასეირნო ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა.