თეგებით ძიება

თბილისის საცხოვრებელი სივრცეების ტრანსფორმაცია - საბჭოთა კორპუსებიდან თანამედროვე კომპლექსებამდე

თბილისი, ქალაქი, რომელიც წარსულისა და თანამედროვეობის უნიკალურ ნაზავს გვთავაზობს, ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული სისწრაფით იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება კი საცხოვრებელი სივრცეების ტრანსფორმაციაა - მოძველებულ საბჭოთა კორპუსებს თანდათან ცვლის თანამედროვე, ახალი სტანდარტებით აშენებული კორპუსები. დეველოპერული სექტორი ყოველწლიურად ვითარდება, ბაზარზე წვრილი თუ მსხვილი კომპანიები აქტიურად მოღვაწეობენ და ახალ საცხოვრებელ კომპლექსებს თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე აშენებენ. ამასთანავე, უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც მაღალია. 

Colliers Georgia-ს 2024 წლის საცხოვრებელი ბინების ბაზრის კვლევის მიხედვით, ახალაშენებულ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 30,586-ს შეადგენდა, რაც 2023 წელთან შედარებით 8.5%-ით მეტია, ხოლო ძველ აშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობამ 13%-ით დაიკლო და სულ 10,698 შეადგინა. რაც შეეხება 2025 წელს, Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. ძველ აშენებულ პროექტებში კი კლების ტენდენცია შენარჩუნდა და 2024 წელთან შედარებით მაჩვენებელი 15.5%-ით შემცირდა.

რა უპირატესობა აქვს ახალაშენებულ კორპუსებში ცხოვრებას და რატომ ირჩევს თბილისელების უმრავლესობა ახალ პროექტებს?

ახალაშენებულ კომპლექსებზე მოთხოვნის ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული. პირველ რიგში, ეს ახალი სამშენებლო სტანდარტების გათვალისწინებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოში გაურკვეველი წარმოშობის კომპანიები თუ კერძო მშენებლები ნაკლებად იცავენ, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ამ მხრივ სამშენებლო სექტორის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დეველოპერებს მოეთხოვებათ ახალ პროექტებში გეოლოგიური კვლევების ჩატარება, ქალაქის საპროექტო სამსახურის მიერ დადგენილი სიმაღლის ნორმების დაცვა, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილება, სამშენებლო მასალების ხარისხის შემოწმება, უსაფრთხოების ნორმების დაცვა, რაც საგრძნობლად ზრდის ახალაშენებული ბინების უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

სამშენებლო მასალებზე კონტროლი განსაზღვრავს შენობის საექსპლუატაციო ვადასაც. მაგალითად, საბჭოთა კორპუსების სასიცოცხლო ციკლი 70 წელს შეადგენდა, ხოლო ახალაშენებული კომპლექსები 100 წლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი. ამასთან, ახალ შენობებში გათვალისწინებულია ხარისხიანი იზოლაცია, ეფექტური გათბობისა და გაგრილების სისტემები, ორშრიანი ან სამშრიანი მინის ზედაპირები, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ხელს უწყობს მის რაციონალურ გამოყენებას და უზრუნველყოფს ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს.

ახალაშენებული კომპლექსების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მშენებლობის ეტაპზე მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პროცესს, მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარებაში და ტიხრები სასურველ ადგილას განალაგოს. ზოგიერთი კომპანია ახალაშენებულ კომპლექსში ბინის შეძენისას მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს მყიდველებს. ხოლო ძველი პროექტები, მართალია შედარებით ნაკლები ღირებულებით სარგებლობს, მაგრამ სარემონტო ხარჯი, ელექტრობისა და მასალების გამოცვლა გაცილებით ძვირი ჯდება.

საბოლოოდ, თბილისში ბინის შეძენისას ძველ და ახალ კორპუსებს შორის არჩევანი ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ბიუჯეტზე, ლოკაციაზე, პირად პრიორიტეტებზე. თუმცა აშკარაა, რომ ახალი კორპუსები მცხოვრებლებს სრულიად განსხვავებულ ხარისხს სთავაზობს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა