გამწვანების პრობლემა თბილისში - რატომ ქრება ქალაქიდან მწვანე სივრცეები?
თუ ევროპის რომელიმე დიდ ქალაქში ერთხელ მაინც ყოფილხართ, არქიტექტურასთან ერთად თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიქცევდა ურბანულ გარემოში, ერთმანეთის სიახლოვეს აღმოცენებული დიდი მწვანე ტყე-პარკები, სადაც ბედნიერი, ლაღი ადამიანები ბუნებასთან კავშირით ტკბებიან. ალბათ თეთრი შურითაც შეგშურდებოდათ და მსგავს შესაძლებლობას ინატრებდით თბილისშიც, სადაც, სამწუხაროდ, მწვანე საფარის დეფიციტის, ყოველ ნაბიჯზე აღმართული კორპუსებისა და ავტომობილების წარმოუდგენელი რაოდენობის გამო ხშირად სუნთქვაც კი გაუსაძლისი ხდება.
გამწვანება, რომელიც ადამიანის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის, ეკოლოგიურად ჯანსაღი და მდგრადი, სტაბილური გარემოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, თბილისისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. პრობლემის აქტუალობას ზრდის ქაოსური განაშენიანების მაღალი ტემპი, ქალაქში მოსახლეობის ზრდა და გლობალური დათბობის პრობლემები, ამიტომ თბილისში სიმწვანის დეფიციტის აღმოფხვრა და ახალი გამწვანებული ზონების შექმნა მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევა.
საერთაშორისო სტანდარტით, ქალაქში გამწვანების მდგომარეობა და მისი მწვანე სტატუსი ერთ სულ მოსახლეზე მწვანე სივრცეების რაოდენობის მიხედვით გამოითვლება. საბჭოთა სტანდარტით, თბილისში, სადაც 0,5 მლნ ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 მ²-ს შეადგენდა, თუმცა ეს მაჩვენებელი არც საბჭოთა დროს იყო დაცული და გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 13 მ² მხოლოდ 1983 წელს დაფიქსირდა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, თბილისში მწვანე საფარის სრულყოფილი ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. თუმცა, მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს რიცხვი, დაახლოებით 5,6 მ²-ს შეადგენდა. მას შემდგომ კი მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა.
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თბილისში მკვეთრად გაფართოვდა ბინათმშენებლობა. მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ქალაქის საბინაო ფონდი დაახლოებით ორნახევარჯერ გაიზარდა და 1984 წლის ბოლოსთვის 15,6 მლნ კვადრატულ მეტრს მიაღწია. ხოლო თავისუფალი ტერიტორიები, რომლებიც მიზანშეწონილი იყო პარკების, ბაღებისა და სკვერების გასაშენებლად, უმეტესად საცხოვრებელ თუ კომერციულ მიზნებს მოხმარდა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ლანდშაფტური ზონის განვითარება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, ქალაქში გამწვანება ერთ სულ მოსახლეზე, სულ მცირე 9 მ²-ია, ხოლო საქართველოს პარლამენტის აპარატის გასული წლების კვლევითი დოკუმენტით, ევროპის საბჭოს 31 ქვეყნის დიდ ქალაქში გამწვანების საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35,5 მ²-ს შეადგენს. თბილისში კი ერთ სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 2-5 მ² მწვანე ტერიტორია მოდის, რაც საგანგაშო მაჩვენებელია და ეკოლოგიურად არაჯანსაღ გარემოს განაპირობებს.
არაერთი საზოგადოებრივი კვლევით დასტურდება, რომ მოსახლეობისთვის მწვავე, პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში გამწვანების პრობლემა მოწინავე ადგილს იკავებს. არსებული გამოწვევის საპასუხოდ, ქალაქის გენგეგმა 2030 წლისთვის თითოეულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის 10 კვადრატულ მეტრამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, გენგეგმის მიხედვით, საშუალო ნორმატიული მაჩვენებელი ევროპული ქალაქებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე 20 კვ.მ.-ია. ამიტომ (დოკუმენტებისა და საჯარო განცხადებების მიხედვით) ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოს შექმნა, მწვანე სივრცეებით დაკმაყოფილება და გამწვანებაზე ორიენტირებული პოლიტიკაა.
გენგეგმის ავტორების ანგარიშით, 2030 წლისთვის ქალაქმა უნდა მიიღოს 1 327 ჰა საერთო სარგებლობის ურბანული გამწვანებული ტერიტორია, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის არსებულ მდგომარეობას და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ პირობებს.
თუმცა რამდენად რეალურია ეს გათვლები? რამდენად ხდება გენგეგმის მიხედვით დადგენილი სტანდარტების დაცვა და ქალაქის ეკოლოგიური და ლანდშაფტური ღირებულებების გაფრთხილება, მაშინ, როდესაც ქალაქის თითქმის ყველა ზონაში მწვანე საფარს ახალი კორპუსები და მრავალფუნქციური კომპლექსები, კომერციული ობიექტები ანაცვლებს?
ექსპერტები გამწვანების პრობლემის ძირითად მიზეზებად სამ მთავარ საკითხს ასახელებენ - ახალი მშენებლობა, მწვანე ნარგავების ხმობა და არსებული პარკების არასწორი რეაბილიტაცია. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მიღებული ქალაქის გენერალური გეგმის მიხედვით პრიორიტეტი მწვანე სივრცეებს ენიჭება, დღევანდელი სამშენებლო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები საპირისპიროს ამტკიცებს.