მოდულური მშენებლობის მნიშვნელობა და პრინციპები
თანამედროვე სამშენებლო ინდუსტრია, რომელიც ენერგოეფექტურ, მდგრად მიდგომებსა და ნარჩენების შემცირებისკენაა მიმართული, აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდს, რომელსაც მოდულური მშენებლობა ეწოდება. ეს მოდელი რადიკალურად განსხვავდება სტანდარტული მშენებლობისგან და ახლებური, პრაქტიკული და ხარჯთეფექტური პრინციპით გამოირჩევა.
მოდულური მშენებლობა შენობის ცალკეული ნაწილების წინასწარ ქარხანაში დამზადებას და შემდეგ სამშენებლო ობიექტზე მათ ტრანსპორტირებასა და მონტაჟს გულისხმობს. მოდულებს შესაძლოა წარმოადგენდეს ნაგებობის სტრუქტურული ნაწილები (იატაკი, კედლები), ოთახები, სართულები და ა. შ., რომლებიც ისეა დაპროექტებული, რომ მარტივად მიუერთდეს ერთმანეთს. იმის გამო, რომ მოდულები ცალ-ცალკე ქარხნული წესით მუშავდება და სათითაოდ იწყობა, ბევრად მდგრადი, ცვლადი და სწრაფად დასამონტაჟებელია. წინასწარი გეგმის მიხედვით, მკაცრი კონტროლის დაცვით შექმნილი მოდულები სამშენებლო მოედანზე შეფერხებების გარეშე იწყობა, ხოლო ამინდი და სხვა გარე ფაქტორები სამუშაოს მიმდინარეობაზე გავლენას არ ახდენს.
განვიხილოთ უფრო ვრცლად, თუ რატომ ირჩევენ წამყვანი ქვეყნები და სამშენებლო კომპანიები მოდულურ მშენებლობას და რა ძირითადი უპირატესობით სარგებლობს აღნიშნული მეთოდი:
ინდივიდუალური მიდგომა და სიმტკიცე
იმის გამო, რომ შენობის თითოეული მოდული სათითაოდ იწყობა და ინდივიდუალურად მუშავდება, კონსტრუქციები ბევრად მყარი, მდგრადი და ხარისხიანი გამოდის. თითოეული დეტალი პროტოკოლის დაცვით იქმნება და არაერთ შემოწმებას გადის, შესაბამისად შეცდომების დაშვების ალბათობა ნაკლებია, ხარისხი და სტრუქტურული მდგრადობა კი მეტი. ამასთან, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს.
დროის ეფექტური გამოყენება
დღესდღეობით, როცა დეველოპერულ ბაზარზე დიდი კონკურენციაა და ობიექტების რაოდენობა დაჩქარებული ტემპით იზრდება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშენებლობის დროულად დასრულებას და დროის ეფექტურად გამოყენებას. ამ მხრივ მოდულური მიდგომა განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობს, რადგან სხვადასხვა ნაწილის დამზადება ერთდროულად, პარალელურ რეჟიმშია შესაძლებელი. ამასთანავე, მოდულური სისტემები ადვილად ადაპტირდება სხვადასხვა მოთხოვნისა და პირობის შესაბამისად, რის გამოც ბევრად მოქნილია, ეს კი აჩქარებს მშენებლობის მიმდინარეობას და დროის რაციონალურ გამოყენებას უწყობს ხელს.
ხარჯთეფექტურობა
მოდულურ მშენებლობაში დროისა და სამუშაო რესურსის ნაკლებობა პროდუქტის საერთო ღირებულების შემცირებასაც განაპირობებს. ტრადიციული სამშენებლო მეთოდისგან განსხვავებით, მოდულურ მშენებლობაში სამშენებლო პროცედურები წინასწარაა განსაზღვრული, ხარჯები კი ზუსტად შეფასებული, ამიტომ ნაკლებია გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობა, რაც, საბოლოოდ, სამონტაჟო სამუშაოებს ამარტივებს და ზოგავს ფინანსებს.
ენერგოეფექტურობა და გარემოზე ზიანის შემცირება
სტანდარტული მეთოდისგან განსხვავებით, მოდულური მშენებლობა ნარჩენების წარმოქმნას ამცირებს და, შესაბამისად, ნახშირბადის ემისიების რაოდენობაზეც სასიკეთოდ აისახება. იმის გამო, რომ კონსტრუქციული ელემენტები ქარხანაში იწარმოება, ნაკლები სამშენებლო ნარჩენი წარმოიქმნება, გარემო კი მავნე ნივთიერებებით არ ბინძურდება.
ამასთან, მოდულური კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი ძალიან მარტივია, რის გამოც სამშენებლო ნაწილების ხელახალი გამოყენებაა შესაძლებელი. ამის გარდა, ქარხანაში წარმოებული მოდელები ენერგოეფექტურობის ხარისხითაც გამოირჩევა. წარმოებისას კი მკაცრად კონტროლდება ვენტილაციისა და იზოლაციის სისტემები.