საქართველოში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა - საქსტატი
საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა - ამაზე მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
კერძოდ, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები - 8 841 ნებართვა) 8.483 მლნ კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები - 8.566 მლნ კვ.მ ფართობი).
საქსტატის ცნობითვე, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2.475 მლნ კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი - 2.319 მლნ კვ.მ ფართობი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.