„ბოლო პერიოდში ქუთაისში ხდება აქტიური მშენებლობები, ასევე აქტიურდება კახეთის მიმართულება“
„ბოლო პერიოდში ქუთაისში ხდება აქტიური მშენებლობები, ასევე აქტიურდება კახეთის მიმართულება, სადაც საინტერესო ვილები და საცხოვრებელი კომპლექსები შენდება“, - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
ამასთანავე, რესპონდენტი აღნიშნავს, რომ უძრავი ქონებაზე მოთხოვნის კუთხით რეგიონებს შორის კვლავაც ლიდერია აჭარა, განსაკუთრებით კი ბათუმი.
„რეგიონებს რაც შეეხება, აჭარა ყოველთვის მოთხოვნადია, რეგიონში ხდება საინტერესო კომპლექსების შექმნა, თუმცა ამ კუთხით ბათუმი მოწინავეა. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ქუთაისში ხდება აქტიური მშენებლობები, ასევე აქტიურდება კახეთის მიმართულება, სადაც საინტერესო ვილების და მრავალბინიანი სახლების მშენებლობა ხდება. თუმცა, რეგიონებში მაინც პირველ ადგილს ბათუმი იკავებს“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
რაც შეეხება თბილისის შემოგარენს, ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ქალაქი ნელ-ნელა იზრდება და ვითარდება, რაც სასიხარულოა.
„შემოგარენი ჩვენთან არის ეკონომ კლასის უძრავი ქონება, რომელიც ფასიდან გამომდინარე მოთხოვნადია. ასევე, ვითარდება ისეთი ადგილებიც, როგორიცაა მაგალითად ლისის ზედა ტერიტორიები. აქ უფრო დეველოპერები ცდილობენ, შექმნან ისეთი საცხოვრებელი გარემო, რომ პრემიალური კლასი დაიჭირონ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ამ ტერიტორიებთან ახლოს არის სკოლები, აქედან გამომდინარე, ვხედავთ მოთხოვნის ზრდას ამ ტერიტორიებზე. თბილისის შემოგარენი ვითარდება, რაც სასიხარულოა ქალაქისთვის, რადგან ხდება ქალაქის გაშლა. ეს საჭიროა, რადგან აკუმულირება არ იყოს მხოლოდ მთაწმინდაზე, ვაკესა და საბურთალოზე. ნელ-ნელა ამ პროცესისკენ მივდივართ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.