რეგისტრირდება მიტაცებული მიწები, რომლის გადაყიდვაც ხდება - როგორ მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია?
მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულებადმე 2 თვე რჩება, თუმცა იურისტებს აქვთ მოლოდინი რომ სახელმწიფო რეფორმას კიდევ გაახანგრძლივებს. მათი შეფასებით, არსებულ 59 მუნიციპალიტეტში პროცესები გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს, შესაბამისად, ამ დრომდე რჩება ტერიტორიები, სადაც საკუთრების უფლების დამტკიცება მოქალაქეებმა ჯერ ისევ ვერ შეძლეს. პარალელურად გაზრდილია მიმართვიანობა იურიდიულ კომპანიებში, რომლებიც მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ დავებზე მუშაობენ.
იურიდიული კომპანია "ოქეი ენდ სი ჯი"-ის დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ კაჭკაჭიშვილი BM.GE-თან ამბობს, რომ არაკეთილსინდისიერი პირები პროცესით სარგებლობენ და მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც სახელმწიფოს ინფორმაციას აქამდე არ ჰქონდა მეზობლებთან გარიგების საფუძველზე ირეგისტრირებენ, შემდეგ კი ამ მიწების გადაყიდვა ხდება. ასეთი საქმეები კი ხშირად დავის სახით სასამართლომდეც მიდის. საქმეების დიდი ნაწილი კი სახელმწიფო მიწების დატაცებას და შემდეგ გადაყიდვას ეხება.
“როცა სახელმწიფოს არ გააჩნია ზუსტი ინფორმაცია, ბუნებრივია ეს წარმოშობს უამრავ დავას, მესაკუთრეები სარგებლობენ ამ ფაქტით და მოწმეებად ჰყავთ მეზობლები. არაკეთილსინდისიერების ფაქტებიც გამოვლინდა, რადგანაც შეთანხმებული მოწმობების წყალობით, სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ მიითვისეს სატყეო ფონდი, სატყეო ფონდში არსებული მიწის ნაკვეთები, მიითვისეს სხვისი საკუთრებები, რამაც ბევრი დავა წარმოშვა და ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც ამდაგვარ ფაქტებზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტი ასეთია.
უფრო ხშირია, როცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების დატაცება ხდება, ოღონდ არა სტატუსის მქონე, ანუ სახნავ-სათესის, სადაც მაღალი იყო ალბათობა, რომ ფიზიკურ პირებს ჰქონოდათ საკუთრება, არამედ ადგილებში, სადაც უფრო მაღალი კომერციული ღირებულება გააჩნია მიწას, მაგალითად სატყეო ფონდში. ასეთ ადგილებში ამ ადამიანებმა საკუთრების უფლებები დაირეგისტრირეს რამდენიმე მეზობლის ან სოფლის ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ დამოწმებით.
საჯარო რეესტრს არ აქვს საშუალება ყველა ეს ინფორმაცია გააანალიზოს, ან განცხადებებში დაინახოს დანაშაულის ნიშნები და შეაჩეროს ასეთი წარმოება.
სამწუხაროდ, ასე ვერ ხდება, ამიტომ მანამ სანამ ეს საკითხები სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის საინტერესო გახდება, ეს პირები ასწრებენ არა მარტო მიწების რეგისტრაციას, არამედ გადაყიდვას. ამის შემდეგ ის აღმოჩნდება უკვე კეთილსინდისიერი შემძენის ხელში, რითაც სახელმწიფოს ეკარგება შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის ქონებები დაიბრუნოს”, - ამბობს იურიდიული კომპანია "ოქეი ენდ სი ჯი"-ის დამფუძნებელი და დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი.