„ტრანზაქციების რაოდენობა გაუმჯობესდა - ელვისებური გაძვირების მოლოდინი არ არის“ - როგორია ვითარება უძრავი ქონების ბაზარზე
„ზაფხულის პერიოდთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება პოზიტიური დინამიკისკენ შეიცვალა“, - ამის შესახებ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა და უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა ვაჟა მებაღიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე გაყიდვების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი ნაწილი კვლავ პირველი ბაზრის ტრანზაქციებზე მოდის.
„გაუმჯობესდა ტრანზაქციების რაოდენობა, გაყიდვები მომატებულია პირველად უძრავ ქონებაზე, მეორად ბაზარზეც მეტ-ნაკლებად გამოსწორდა სიტუაცია. ბაზარზე არსებული დეველოპერული კომპანიები მოქნილ და საინტერესო პირობებს სთავაზობენ მომხმარებლებს, მეორად უძრავ ქონებაზე მხოლოდ დაიპოთეკების ნაწილი არსებობს, აქედან გამომდინარე, პირველადი უძრავი ქონების ბაზარი უფრო მოთხოვნადი რჩება.
პირველად უძრავი ქონების ბაზარი გაცილებით ძვირადღირებულია, ვიდრე მეორადი, გასათვალისწინებელია, რომ ფასს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის: ადგილმდებარეობა, რა ტიპის უძრავი ქონებაა, როგორი დაგეგმარება აქვს და ა.შ. რომ შევაჯამოთ, შემოდგომიდან მოყოლებული უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით საერთო დინამიკა გაუმჯობესებულია“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
რაც შეეხება მოლოდინებს, ვაჟა მებაღიშვილის თქმით, უძრავი ქონების ელვისებური გაძვირება მოსალოდნელი არ არის.
„უძრავი ქონების სექტორი ისეთი მიმართულებაა, სადაც შესაძლოა, ბაზარზე ფონი სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება. რასაც ახლა ვუყურებთ, დინამიკა არის დადებითი, გაძვირებისკენ მიდის, მაგრამ ელვისებური გაძვირების მოლოდინი არ არის, არც ისეთი დრამატულია სიტუაცია, რომ ვთქვათ რომ გაყიდვები გაჩერდება“, - აცხადებს ვაჟა მებაღიშვილი.
ამასთანავე, რესპონდენტმა ისაუბრა უშუალოდ უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში არსებულ ვითარებაზეც და აღნიშნა, რომ მუდმივად ხორციელდება კადრების გადამზადება, რათა მოსახლეობასა და ინვესტორს საბროკერო კუთხით პროფესიონალი კადრი მოემსახუროს.
„ასოციაციაში არსებული ვითარება არის პოზიტიური, იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურად ტარდება სალექციო კურსები და ტრენინგები. ამ ეტაპზეც იმართება აგენტის ატესტაციის 5-კვირიანი კურსი. ასევე გვყავდა ჩამოყვანილი ამერიკიდან ტრენერი და საქართველოში არსებული ლიდერი საბროკერო კომპანიების ხელმძღვანელებმა გაიარეს კურსი, რომელიც ეხებოდა მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას.
ჩვენი ასოციაცია გაიზარდა, 116 კომპანიაზე მეტია დღეს წარმოდგენილი. აქტიურად ვაკვირდებით ბაზარს და ვცდილობთ, რომ საბროკერო ნაწილში პროფესიონალი კადრი მოემსახუროს ჩვენს მოსახლეობასა და ჩამოსულ ინვესტორებსაც”, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ვაჟა მებაღიშვილმა.