თეგებით ძიება

თბილისის გენერალური გეგმა უკვე საჭიროებს გადახედვას - მამუკა სალუქვაძე

"სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელის მამუკა სალუქვაძის შეფასებით, თბილისის გენერალური გეგმა უკვე საჭიროებს გადახედვას.

სითი ინსტიტუტ საქართველომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც დედაქალაქში საშუალო, მაღალი და დაბალი რისკის ტერიტორიებს აფასებს, 2019 წელს გამოსცა. მას შემდეგ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ გენგეგმა, ბუნებრივი საფრთხეებიდან გამომდინარე, საშიში გეოდინამიკური პროცესების რუკასაც მოიცავს, რომელიც დეველოპერებისთვის, მშენებლებისთვის და ნებართვის გამცემი უწყებისთვის (ამ შემთხვევაში, თბილისის მერია) სახელმძღვანელოდ უნდა ქცეულიყო.

მამუკა სალუქვაძის შეფასებით, გეოდინამიკური პროცესების რუკის შეფასებიდან დღემდე, სახიფათო ტერიტორიებზე მშენებლობების განხორციელების შემთხვევები შემცირებულია, თუმცა მისი თქმით, 5-6 წელიწადში უნდა გადაიხედოს ხოლმე გენერალური გეგმა.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც რუკის სახითაც არის წარდგენილი. ბუნებრივია, რომ დეველოპერებისთვის, მშენებლებისთვის და ნებართვის გამცემისთვის, ეს რუკა სახელმძღვანელო უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველას კარგად მოეხსენება, თბილისი მარტივი რელიეფის და აგებულების ქალაქი არ არის; არის ძალიან ბევრი ტერიტორია, სადაც მშენებლობებთან დაკავშირებით შეზღუდვა შეიძლება არსებობდეს. არადა, ბოლო ათწლეულებია ჩვენ ბევრ ასეთ ტერიტორიაზე განვახორციელეთ ამგვარი მშენებლობები, რამაც გამოიწვია თავისი უარყოფითი, მათ შორის ტრაგიკული შედეგები.

მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ რუკის შედგენის შემდეგაც გარკვეული მშენებლობები წარმოებდა ამგვარ ტერიტორიებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ის ტემპი და ის მდგომარეობა აღარ არის, რაც იყო. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა, ამ რუკამ გარკვეულად დაფიქრების საშუალებები მისცა ნებართვის გამცემებს, დეველოპერებს და ა.შ. მართალი გითხრათ, როდესაც ლაპარაკი არის გენგეგმის გადახედვაზე, ბუნებრივია, ბევრი რამ იცვლება. დამტკიცებიდან უკვე მეშვიდე წელია გასული. 5-6 წელიწადში უნდა გადაიხედოს ხოლმე გენერალური გეგმა. იცვლება ქალაქი, იმიჯნება რაღაც ნაკვეთები, იყოფა ნაკვეთები და ასე შემდეგ", - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ "საქმიან დილაში" სტუმრობისას.

რაც შეეხება უკვე არსებულ გენერალურ გეგმას, "სითი ინსტიტუტ საქართველოს" ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ სახელმძღვანელოში წითლად აღნიშნულ ტერიტორიებზე მშენებლობა შესაძლოა, დასაშვები იყოს, თუმცა მხოლოდ დეტალური კვლევის შემდეგ.

"როდესაც ჩვენ ასეთ სახელმძღვანელოს ვქმნით, მაგალითად, ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, აუცილებელია, რომ ის, რაც წითლად არის აღნიშნული, ანუ საშიში გეოდინამიკური რისკების მქონე ტერიტორიები, მაქსიმალურად დეტალურად იქნეს შესწავლილი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ შეიძლება მშენებლობა ამგვარ ტერიტორიებზე. ჩვენ ვამბობთ, რომ აქ უნდა იყოს ძალიან დეტალური კვლევა, განსხვავებით იმისგან, სადაც არის შედარებით უფრო დაბალი რისკის მქონე ტერიტორია. დაბალი რისკია, საშუალო თუ მაღალი, რა თქმა უნდა, შესწავლა სჭირდება, მაგრამ როდესაც პირდაპირ, კვლევაზე დაყრდნობით ვამბობთ, რომ აქ არის მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიები და თქვენ ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ, ბუნებრივია, რომ გეოლოგიური დასკვნაც ალბათ სხვანაირად უნდა გამოიყურებოდეს. ბევრად უფრო დეტალიზებული უნდა იყოს იქ ის საკითხები, რომლებიც სხვა ტერიტორიაზეც შეიძლება უფრო ზოგადი სახით იყოს წარმოდგენილი", - განმარტა მან.

"საქმიანი დილას" ეთერში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის თანაავტორმა ის ტერიტორიებიც დაასახელა, რომლებიც, 2019 წლის დოკუმენტით, საშუალო და მაღალი რისკის შემცველია.

"თბილისში თელეთის, თაბორის, სოლოლაკის, მთაწმინდის, ლისის, მახათას ხევები და წერები, გარკვეული ფერდობები, ნუცუბიძის პლატო - სხვადასხვა კუთხით დახრილი ფერდობებია და გარკვეულ საშიშროებებს ქმნიან, ბუნებრივია, რომ მათზე მშენებლობა სწორედ ძლიერი გეოლოგიური დასკვნებით უნდა იყოს გამყარებული

პრაქტიკულად ყველა მაღლობი, ყველა ფერდობი არის საკმაოდ საფრთხის შემცველი ტერიტორია, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ არის ლაპარაკი, რომ არ შეიძლება არაფრის მშენებლობა. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ გეოლოგიური დასკვნები იყოს საკმაოდ მყარი, ფუნდამენტური და მართალი, იმიტომ, რომ დღეს ბევრი ტექნოლოგია არსებობს იმისთვის, რომ ამგვარ ფერდებზეც ხდებოდეს მშენებლობები", - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა