ზონები თბილისში, სადაც სრულად აიკრძალება ჯართის, საბურავების და ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია
მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია 2026 წლის 1-ლი იანვრიდან თბილისის სხვადასხვა ზონაში აიკრძალება.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში განუცხადეს, განისაზღვრა ზონები, სადაც აღნიშნული საქმიანობა სრულად აკრძალული იქნება და ტერიტორიები, სადაც დასაშვები იქნება გარკვეული რეგულაციების დაცვით.
თბილისის მუნიციპალური ინსპექციისგან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქმიანობა ნებადართული არ იქნება დედაქალაქის მასშტაბით არსებულ საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში.
დასაშვებ ფუნქციურ ზონებში კი (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განისაზღვრა გარკვეული პირობები, რომლებიც ტერიტორიის მესაკუთრეებმა და მეწარმე სუბიექტებმა უნდა დააკმაყოფილონ.
კერძოდ, რეგულაციით მოთხოვნილია, რომ დასაშვებ არეალებში უზრუნველყოფილი იყოს:
- ამტვერებადი მასალების დახურულ შენობებში განთავსება/რეალიზება;
- ფეთქებადი და ადვილად აალებადი მასალების განთავსება/რეალიზების შემთხვევაში შენობებიდან გასასვლელი საშუალებების, სანიტარული პირობების, სათანადო განათებისა და განიავების უზრუნველყოფა;
- შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვის, ასევე, მეხანძრე-მაშველებისა და მაშველების უსაფრთხოების უზრუნველყოფა საგანგებო ვითარებებისას.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, რეგულაციას დაქვემდებარებულია 14-ზე მეტი მსხვილი არეალი. აღნიშნულ ლოკაციებზე მესაკუთრეებს თავიანთ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 10 000-მდე მცირე და 1500-ზე მეტი საშუალო მეწარმე ჰყავთ დასაქმებული.
შეგახსენებთ, თბილისში ამტვერებადი მასალების, ფერადი ლითონებისა და მეორადი საბურავების გამოყენებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები მკაცრდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მიხედვით, თითოეულ კანონდარღვევისთვის ჯარიმების მოცულობა 400%-ით იზრდება. ჯარიმების მოცულობა სხვადასხვა დარღვევისთვის 2 500-დან 30 000 ლარამდე იმერყევებს.