ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია კვ.მ-ის საშუალო ფასი
2025 წლის ნოემბერში ბათუმში 1 550 ერთეული საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც 22.2%-ით მეტია გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, - ამის შესახებ ირკვევა „ქოლიერსის“ კვლევიდან.
აღსანიშნავია, რომ ზღვისპირა ქალაქში ნოემბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 24.8%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5.7%-იანი კლება დაფიქსირდა.
„ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 25.9%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 23.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეორეულ ბაზარზე ტრანზაქციების ზრდის მხოლოდ 32% მოდის საქართველოს მოქალაქეებზე, ხოლო 64% უცხოელებზე“, - ვკითხულობთ ბაზრის მიმოხილვაში.
რაც შეეხება ფასებს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი ნოემბერში 25%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 347 აშშ დოლარი შეადგინა. ფასის ზრდაზე გავლენა ძირითადად მოახდინა პირველადმა ბაზარმა, სადაც მაჩვენებელი 32.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 15.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
„აღსანიშნავია, რომ მეორეულ ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასის მნიშვნელოვანი ძირითადად დაფიქსირდა ძველ ბათუმსა და რუსთაველის უბნებში, რაც ძირითადად გამოწვეული იყო უცხოელი მყიდველებისგან ინტერესის ზრდით. შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.
ცნობისთვის, 2025 წლის ნოემბერში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 45.1%-ით გაიზარდა და 97 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.