თეგებით ძიება

მერია მეტროს 5.2 კილომეტრით დაგრძელებას გეგმავს - ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელების და ახალი სადგურების მშენებლობის მიზნით საერთაშორისო ფასების მოკვლევა გამოაცხადა - შესაბამისი განაცხადი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ფასების გამოკვლევით უნდა დადგინდეს თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ფაქტობრივად ანალოგიური პირობებით ბაზრის მოკვლევა გამოცხადებული იყო 2025 წლის აპრილშიც, თუმცა წინა ბაზრის მოკვლევით პრეტედენტებს ბაზრის მოკვლევაში მონაწილეობისთვის 3-წლიან პერიოდში მინიმუმ 100 მილიონი დოლარის პროექტების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ, ახალი ბაზრის მოკვლევით კი გამოცდილების მუხლი 50 მილიონ დოლარამდე შემცირდა. გამოცდილების მოცულობის შემცირება სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ წინა ბაზრის მოკვლევა წარმატებით ვერ შედგა, ამიტომ მისი ხელახლა გამოცხადება გახდა აუცილებელი.

წარდგენილი აღწერის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის პირველი ხაზის გაგრძელების მიზნით გლდანის და ვარკეთილის მიმართულებებით ახალი სადგურების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და სამშენებლო სამუშაოები შესყიდვა ე.წ. დაპროექტება-მშენებლობის (Design Build) მეთოდით. ეს კი ნიშნავს, რომ დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს როგორც სადგურების დიზაინის შექმნა ასევე მათი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებაც.

"მეტროს ხაზის პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სავარაუდო სიგრძე: 5,2 კმ

  • გლდანის მიმართულება: 2,2 კმ;
  • ვარკეთილის მიმართულება: 3 კმ.

პროექტის ფარგლებში ასაშენებელი სადგურების რაოდენობა: 2 (ორი) სადგური

  • გლდანის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
  • ვარკეთილის მიმართულება: 1 (ერთი) სადგური
  • გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სივრცეების მოწყობა:

გადასარბენი გვირაბები და ჩიხები – საწყისი და საბოლოო სადგურების ჩიხებში უნდა იყოს შესაძლებელი ორი ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის გაჩერება (არანაკლებ 250 მეტრი).

სადგურები, სადგურის ვესტიბიულები, საესკალატორო გვირაბები;

მგზავრთა ჩასასხდომ-გადმოსასხდომი ბაქნები – ხუთვაგონიანი მოძრავი შემადგენლობისთვის (არანაკლებ 110 მეტრი),"- ნათქვამია ფასების გამოკვლევის აღწერაში.

"გამოცდილება და ტექნიკური შესაძლებლობები (აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება პრეტენდენტზე ან მის ქვეკონტრაქტორზე)

- პრეტენდენტს ან მის ქვეკონტრაქტორს 2010 წლის შემდეგ უნდა გააჩნდეს: თანამედროვე მეტროპოლიტენის დაპროექტების და მშენებლობის გამოცდილება. კერძოდ ბოლო 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროპოლიტენის ხაზის ან 10 (ათი) მეტროს სადგურის მშენებლობის პროექტი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტები - ხელშეკრულებ(ები)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღებაჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები/საგადახდო დავალებები ან/და ინფორმაცია შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

- პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორის მიერ დაპროექტებული/აშენებული მეტროს სადგურები უნდა მოიცავდეს არანაკლებ 2 (ორი) მეტროს სადგურში დახრილი საესკალატორო გვირაბისა და ესკალატორის პროექტირებას და მშენებლობა/მონტაჟს

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ იგი აკმაყოფილებს შემდეგ ფინანსურ მოთხოვნებს (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება პრეტენდენტზე):

- პრეტენდენტს ან ამხანაგობის შემთხვევაში იმ მონაწილეს/წევრს, რომელიც პასუხისმგებელია სამშენებლო-ტექნოლოგიურ ნაწილში, უნდა გააჩნდეს: ბოლო სამი დასრულებული ფინანსური წლის პერიოდში ჯამურად - არანაკლებ 50’000’000 (ორმოცდაათი მილიონი) აშშ დოლარის (შესაბამისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში) ბრუნვა. წმინდა ქონება, გამოთვლილი, როგორც სხვაობა მთლიან აქტივებსა და მთლიან ვალდებულებებს შორის, უნდა იყოს დადებითი. აღნიშნულის დამადასტურებლად უნდა წარმოადგინოს 2022-2024 წლების აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები,"- ნათქვამია ფასების გამოკვლევის დოკუმენტში.

ჯერჯერობით თბილისის მერიას პროექტთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.

ფასების გამოკვლევის დასრულების ვადად 2025 წლის 27 თებერვალი არის მითითებული.

არსებული მდგომარეობით, თბილისის მეტროპოლიტენი ორი ხაზისგან შედგება, სადგურების რაოდენობა კი 23-ია. გლდანი ვარკეთილის ხაზზე 16 სადგური მოქმედებს, სადგურის მოედანი სახელმწიფო უნივერსიტეტის ხაზზე კი შვიდი სადგური არის მოქმედი.

თბილისის მეტროს სისტემის სიგრძე სულ 27.3 კილომეტრს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა