თეგებით ძიება

ზუგდიდამდე ახალი 76 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სამტრედია-ზუგდიდის გზის მშენებლობისათვის პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, პროექტი დაყოფილია სამ მონაკვეთად: სამტრედია-ფოთის კვანძი; ფოთის კვანძი-ანაკლიის კვანძი და ანაკლიის კვანძი-ზუგდიდი-რუხის მონაკვეთი.

„სამტრედია–ფოთის კვანძის მონაკვეთი იწყება ქალაქ სამტრედიაში, თითქმის პარალელურად მიუყვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზას სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ თეკლათთან, ფოთის კვანძთან, სადაც უერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას. მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 34.4 კილომეტრია.

ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძის მონაკვეთის სიგრძე დაახლოებით 23 კილომეტრია. ის წარმოადგენს წინა მონაკვეთის გაგრძელებას, სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან თითქმის პარალელურად მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას და ანაკლიის კვანძთან სრულდება.

დაახლოებით 19.3 კილომეტრიანი ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთი ფოთის კვანძი–ანაკლიის მონაკვეთის გაგრძელებაა, მიუყვება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზას დასავლეთის მხრიდან და სრულდება სოფელ რუხში, სადაც კვლავ უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო მაგისტრალს.

საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს სამტრედია–ფოთის კვანძი–ანაკლიის კვანძი–ზუგდიდი–რუხის მონაკვეთის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შესაბამისი საავტორო ზედამხედველობის მომსახურების გაწევას,“ - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროექტის მომზადების ვადა 24 თვეს შეადგენს. სატენდერო წინადადებების წარდგენა კი არაუგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლისა იქნება შესაძლებელი.

ცნობისთვის, ამ პროექტის შესახებ, 2025 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. მაშინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ახალი ავტომაგისტრალი 4-ზოლიანი იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა