თეგებით ძიება

ქალაქები ევროპაში, სადაც სახლს 1 ევროდ იყიდით

ბოლო წლებია, ევროპის რამდენიმე პატარა ქალაქი თუ სოფელი, მოსახლეობის შემცირების პრობლემის გადაჭრას უჩვეულო მეთოდით ცდილობს. ამ ადგილებში მიტოვებულ საცხოვრებელ სახლებს სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 1 ევროდ იყიდით.

მსგავსი ინიციატივები, რომელიც ისტორიული დასახლებების შენარჩუნებას ემსახურება, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს იტალიაში, თუმცა გარკვეულ მაგალითებს სხვა ქვეყნებშიც ვხვდებით.

მიუხედავად მიმზიდველი შეთავაზებისა, ასეთი სახლების შეძენა ყოველთვის ისეთი მარტივი და იაფიც არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

იტალია - "1 ევროიანი სახლების“ მთავარი ცენტრი

იტალია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქვეყანაა, სადაც მსგავსი პროგრამები მოქმედებს. ამ მეთოდით, მცირე ქალაქებსა და სოფლებში, რომლებიც მოსახლეობის რიცხოვნობის პრობლემას განიცდიან, მმართველი პირები ცდილობენ, უცხოელი და ადგილობრივი მყიდველები მიიზიდონ. ამ პროცესის მიზანი მიტოვებული შენობების აღდგენა და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებაა.

პოპულარულ მაგალითებს შორის, ყველაზე ხშირად სახელდება სიცილიის სხვადასხვა ქალაქი. ასეთი პროგრამა ბოლო წლებში აქტიურად მოქმედებდა და პერიოდულად ახალი აუქციონები ისევ ცხადდება შემდეგ ქალაქებში:

  • სამბუკა დი სიცილია;
  • მუსომელი;
  • ოლოლაი;
  • ბიკარი;
  • პენე;
  • ზუნგოლი;
  • ტროუინა;
  • კამარატა;
  • ჩინკვეფრონდი.

აღნიშნულ ტერიტორიებზე ინიციატივამ საერთაშორისო ინტერესიც კი გამოიწვია და ამ მიწებზე ათობით უცხოელმა მყიდველმა შეიძინა უძრავი ქონება. თუმცა, მსგავს პროექტებს ხშირად აშუქებდნენ ისეთი საერთაშორისო მედია და კვლევითი წყაროები, როგორებიცაა WBUR და The Guardian, სადაც ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ 1 ევრო ქონებისთვის მხოლოდ სიმბოლური საწყისი ფასია და საბოლოოდ, ბევრად მაღალი შეიძლება იყოს თქვენი რეალური ხარჯები.

როგორ მუშაობს "1 ევროიანი სახლების“ პროგრამა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტები მიტოვებულ შენობებს ახალ მფლობელებს სწორედ ამ საწყის ფასად გადასცემენ, თუმცა გარკვეული პირობებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები, როგორც წესი, ასეთია:

  • მყიდველმა უნდა წარმოადგინოს სახლის რემონტის გეგმა;
  • შენობის აღდგენა უნდა დასრულდეს განსაზღვრულ ვადაში (ხშირად 2-3 წელი);
  • საჭიროა დეპოზიტის გადახდა, რომელიც რემონტის დასრულების შემდეგ ბრუნდება;
  • მყიდველი ვალდებულია სახლი საცხოვრებლად გამოიყენოს ან განავითაროს ტურისტული და ბიზნეს დანიშნულებით.

ინფორმაცია მსგავსი პროექტების შესახებ ხშირად ქვეყნდება უძრავი ქონების ევროპულ პლატფორმებზე, მათ შორის Idealista-ზე, სადაც ახალ შეთავაზებებს რეგულარულად წააწყდებით. ასევე, არსებობს სპეციალიზებული ვებგვერდები, მაგალითად Case1Euro.it, სადაც გარკვეული პერიოდულობით კონკრეტული ქალაქებისა და პროექტების ჩამონათვალია გამოქვეყნებული.

საფრანგეთი და სხვა ქვეყნები

იტალიის გარდა, მსგავსი ექსპერიმენტები სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება. მაგალითად, საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქი ამბერტი საკმაოდ აქტიური იყო ამ კუთხით, თუმცა ამ ეტაპისთვის, იქ პროგრამა შეზღუდულად გრძელდება. ამაში იგულისხმება ის, რომ აუქციონები ახლა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში, კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ცხადდება. თუმცა, გარკვეული პერიოდულობით, იქ ისევაა შესაძლებელი სიმბოლურ ფასად შენობების შეძენა ახალი ბინადრებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ქვეყნების პრაქტიკებზეც, აქ მასშტაბები გაცილებით მცირეა. ამას გარდა, ზოგიერთ ქვეყანაში მსგავსი პროგრამა ყოველთვის 1 ევროდ სახლის გაყიდვას არ გულისხმობს. ხშირ შემთხვევაში, შეთავაზებები უკავშირდება ქონების დაბალ ფასად ან შეღავათიან პირობებში გადაცემას, მყიდველის მხრიდან შენობას განახლების სანაცვლოდ.

რეალური ხარჯები და რისკები

მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება საკმაოდ მიმზიდველად ჟღერს, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ასეთი სახლების შეძენა, საბოლოო ჯამში, არა მინიმალურ, არამედ საკმაოდ დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს. უმეტეს შემთხვევაში, შენობები მძიმე მდგომარეობაში ხვდებათ მყიდველებს და სრულ რესტავრაციას საჭიროებს.

ხარჯები შეიძლება მოიცავდეს როგორც რემონტისა და რეკონსტრუქციის სამუშაოებს, ისე იურიდიულ და სანოტარო გადასახადებს, პროექტის დოკუმენტაციასა თუ სხვადასხვა ადგილობრივ გადასახადსა და კომუნალურ ხარჯებს.

უცხოურ გამოცემებში ვკითხულობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საერთო ინვესტიცია ათობით ათას ევრომდეც აღწევს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა