თბილისში ტრამვაის გასაყვანად 416 მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა
თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ, 13 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ამ ხაზმა დიდი დიღომი დიდუბეს უნდა დააკავშიროს.
ტენდერის ღირებულება უცვლელია - გამარჯვებულ კომპანიას 7,5 კმ სიგრძის ხაზის გაყვანაში, დეპოსა და 11 გაჩერების მოწყობაში 416 592 000 ლარს გადაუხდიან. ამ თანხაში არ არის გათვალისწინებული შემადგენლობების შეძენა.
წინა ტენდერი შეწყდა - შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტებში გათვალისწინებული არ იყო ხეების გადარგვა და მგზავრთა გადასასვლელების მოწყობა.
"მოგეხსენებათ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. ტენდერის მსვლელობისას დიდი იყო დაინტერესება უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან და მიმდინარეობდა აუცილებელი ტექნიკური პროცედურების და პარამეტრების დაზუსტება. გამოიკვეთა სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული ტენდერი შეწყვეტისა და ახალი ტენდერის გამოცხადებისა. ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის ახალი ტენდერი მიმდინარე წლის 13 თებერვალს, აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის წესების მიხედვი გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტენდერის პირობებით ცვლილება ბიუჯეტსა და შესრულების ვადებს არ შეხებია. პროექტი გულისხმობს ტრამვაის ხაზის დაწყებას დიდი დიღომის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ დიდუბის ტერიტორიას.
ტრამვაის საორიენტაციო სიგრძედ 7.5 მეტრი განისაზღვრა, სადაც მოეწყობა 11 გაჩერება. რაც შეეხება ვადებს, გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვეში უნდა განახორციელოს პროექტი,“ - აღნიშნა კალაძემ.