იანვარში თბილისში 2, 923 ბინა გაიყიდა, ზრდა 1.4%-ია - Colliers Georgia
2026 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების რეგისტრირებულმა ტრანზაქციების რაოდენობამ 2,923 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 1.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „კოლიერს ჯორჯიას“ განახლებული მონაცემების მიხედვით, ბაზრის ზომა 11.7%-ით, 232 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ზრდა ახალაშენებული ბინების მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. რაც შეეხება პირველად ბაზარს წლის პირველ თვეში, ტრანზაქციების რაოდენობა იანვარში 2.3%-იან კლებას აჩვენებდა. გაყიდული ბინების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში.
ფასი ზრდას განაგრძობს 2026 წელსაც. როგორც უძრავი ქონების კვლევითი ორგანიზაცია მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის იანვართან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 7.8%-ით, ხოლო ქალაქის ცენტრში 8.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 8%-ით მოიმატა.
რაც შეეხება ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილ გასაყიდ ფასს, 2025 წლის იანვართან შედარებით ზრდა გარეუბანში 10.4%-ია, ქალაქის ცენტრში12.5%, ხოლო ფართო ცენტრში 20%.
ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ფასებმა 19.2%-ით მოიმატა, რაც განპირობებულია დეველოპერების მიერ ტრანზაქციების დაგვიანებული რეგისტრაციით, ხოლო ფართო ცენტრის მეორეულ ბაზარზე მხოლოდ 1.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.1% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.3%-ით გაიზარდა.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს საქართველოში 4,3 მლრდ დოლარის ღირებულების თითქმის 60 ათასამდე საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. აქედან ბინა 42 ათასზე მეტი თბილისში რეალიზდა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდა იყო.
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის დაჯამებული მონაცემების თანახმად, დედაქალაქში ბაზრის ზომა 15%-ით 3.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. აქტივობის საერთო ზრდის ძირითადი მამოძრავებელი კი პირველადი ბაზრის ტრანზაქციები იყო.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის ჯამური მონაცემებით, ფასები ყველა პროექტისა და რაიონის კატეგორიაში კვლავ იზრდებოდა. ახალ პროექტებში მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვ.მ-ზე $1,484 იყო, ხოლო ძველ პროექტებში $1,244.
მნიშვნელოვანია, რომ 2025 წელს დედაქალაქის საბინაო ბაზარმა 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ზრდა განიცადა - დასრულდა თითქმის 20 ათასი ბინის მშენებლობა. მშენებარე ბინების რაოდენობამ კი 87 ათასი შეადგინა.