რა გავლენა ექნება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს საქართველოს უძრავ ქონებაზე - Galt & Taggart-ის შეფასება
Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიური გავლენა ჰქონდეს.
როგორც საინვესტიციო ბანკის ასოცირებულმა მკვლევარმა, ზუკა თავყელიშვილმა BMG-ის განუცხადა, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირებამ მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა, ისრაელის მოქალეების მხრიდან მოთხოვნა შეამციროს.
თუმცა ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შედარებით გრძელვადიან პერიოდში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა შესაძლოა, დადებითი ეფექტიც მიიღოს. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ როგორც ისრაელის, ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა კაპიტალის დივერსიფიცირების მიზნით შედარებით უსაფრთხო ბაზრების მოძიება დაიწყონ და არჩევანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შეაჩერონ.
“შეგვიძლია სხვადასხვა სცენარები განვიხილოთ და შევაფასოთ, როგორი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს [ახლო აღმოსავლეთის მოვლენებს] კონკრეტულად საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. მოგეხსენებათ, ახლო აღმოსავლეთიდან ყველაზე მეტად კი ისრაელიდან საკმაოდ სწრაფად იზრდება მოთხოვნა საქართველოში უძრავ ქონებაზე. ეს როგორც თბილისში, ასევე ბათუმშია. თუმცა ბათუმი ბევრად უფრო დიდი წილით არის დამოკიდებული უცხოელ მყიდველებზე, ვიდრე ეს ხდება თბილისში, სადაც ძირითადად ადგილობრივი მყიდველი არის მთავარი მოთხოვნის გენერატორი.
რამდენიმე სცენარი შეგვიძლია განვიხილოთ. პირველ რიგში, თუ ეს კონფლიქტი მოკლევადიანი აღმოჩნდა და მალევე მოგვარდა, როგორც წინა წელს ვიხილეთ, შესაძლოა ეს აისახოს იმაში, რომ ისრაელიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ზოგადად, მოთხოვნა მოკლე ვადაში შენელდეს, თუმცა შემდეგ მალევე რეალიზდეს და სხვა თვეებშივე აღდგეს წინა თვეებში შემცირებული მოთხოვნა.
იმ სცენარში, სადაც ომი უფრო დიდი ხანი გრძელდება, ამ შემთხვევაში მოკლე ვადაში გვექნება შოკური ეფექტი, რადგან ომში ჩართული მხარეებისთვის რთული არის ამ დროს საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა საშუალოდან გრძელ ვადამდე შესაძლოა ეს ტენდენცია პირიქით, დადებითისკენაც კი შეიცვალოს ორი მიზეზით.
პირველი იმიტომ, რომ მაგალითად, ისრაელში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, დაიწყონ ალტერნატიული ბაზრების ძიება იმისთვის, რომ უსაფრთხოდ განათავსონ საკუთარი აქტივი. ხოლო მეორე, ეს არის უკვე საერთაშორისო ინვესტორები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთით იყვნენ დაინტერესებულნი, მაგალითად დუბაის ბაზრით, შესაძლოა რომ უკვე სხვა ბაზრების ძიება დაიწყონ და აქ ბათუმი შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი საინტერესო ალტერნატივა იყოს მათთვის.
მესამე სცენარიც არსებობს, თუ ეს ომი უფრო ფართომასშტაბიანი იყო, ვიდრე ეს არის დღეს და თუ ენერგეტიკულმა შოკმა გამოიწვია გლობალური კრიზისი, ეს მხოლოდ საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ალბათ ყველა ქვეყანაზე აისახება უარყოფითად”, - განაცხადა ზუკა თავყელიშვილმა.
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 52% შეადგინა. მათ შორის, 13% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, ასევე 13% თურქეთის რეზიდენტებზე, 11% უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე.
რაც შეეხება თბილისს, 2026 წლის იანვარში დედაქალაქში გაყიდული ბინების 29% უცხოელებზე მოდიოდა, მათ შორის ბინების 12% ისრაელის მოქალაქეებმა იყიდეს, 2% კი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.