საქართველოს ტერიტორიის 41.5% ტყეებით არის დაფარული - როგორია რეგიონების მიხედვით მონაცემები
საქართველოს მთლიანი ფართობი დაახლოებით 5 771 274 ჰექტარს შეადგენს - ამის შესახებ ირკვევა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს მიწის რესურსების შესახებ წარმოდგენილი სტატისტიკიდან.
მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (3 226 439 ჰექტარი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო დარჩენილი 2 544 835 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის ყველაზე დიდი ფართობი ტყეებსა და ნახევრად ბუნებრივ ტერიტორიებს უკავია. კერძოდ, ამ ტიპის რესურსის ჯამური ფართობი დაახლოებით 2 835 016 ჰექტარია. ამასთანავე, მხოლოდ ტყეების ფართობი 2 392 063 ჰექტარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს 41.5% ტყით არის დაფარული.
აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით ტყეებისა და ნახევრად ბუნებრივი ტერიტორიების ყველაზე დიდი რესურსი სამეგრელო-ზემო სვანეთს, კახეთსა და იმერეთს გააჩნია.
უფრო კონკრეტულად, ტყეებისა და ნახევრად ბუნებრივი ტერიტორიების ფართობი რეგიონების მიხედვით ასეთია:
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 471 569 ჰექტარი;
- კახეთი - 408 499 ჰექტარი;
- იმერეთი - 398 585 ჰექტარი;
- რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი - 353 155 ჰექტარი;
- მცხეთა-მთიანეთი - 312 731 ჰექტარი;
- სამცხე-ჯავახეთი - 212 961 ჰექტარი;
- აჭარა - 200 511 ჰექტარი;
- ქვემო ქართლი - 188 501 ჰექტარი;
- შიდა ქართლი - 168 221 ჰექტარი;
- გურია - 107 189 ჰექტარი;
- თბილისი - 13 091 ჰექტარი.