თბილისში მშენებლობის ნებართვების გაცემა შემცირდა - რომელ უბნებში შენდება ყველაზე მეტი ბინა?
თბილისში საცხოვრებელი მშენებლობების ნებართვების გაცემის კლების ტენდენცია გრძელდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურებაზე მიუთითებს - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ "გალტ & თაგარტის" კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობი დედაქალაქში ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აპრილში ნებართვა 9 საცხოვრებელ პროექტზე გაიცა, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართობმა 113,216 კვ.მ. შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან (2025 წლის აპრილი - 246,000 კვ.მ.) შედარებით 54.0%-ით არის შემცირებული.
კლების მკაფიო ტენდენცია ფიქსირდება მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის ჯამურ მონაცემებშიც. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-აპრილში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა წლიურად 32.3%-ით შემცირდა და 44 ერთეული შეადგინა (გასული წლის 4 თვეში 65 ნებართვა გაიცა).
ამავე პერიოფში, ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი 40.0%-ით შემცირდა და 352,000 კვ.მ.-ს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 587,000 კვ.მ. იყო).
რომელ უბნებში გაიცა ყველაზე მეტი ნებართვა?
2026 წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართობის მიხედვით თბილისის უბნები შემდეგნაირად ნაწილდება:
- დიდი დიღომი - 114,000 კვ.მ.
- კრწანისი - 90,000 კვ.მ.
- სამგორი - 56,000 კვ.მ.
- საბურთალო - 29,000 კვ.m
- ისანი - 23,000 კვ.მ.
- დიდუბე - 12,000 კვ.მ.
- ჩუღურეთი - 12,000 კვ.მ.
- ვაკე - 9,000 კვ.მ.
- გლდანი - 5,000 კვ.მ.
საინვესტიციო ბანკის შეფასებით, მიწოდების მხარეს არსებული ეს კორექტირება დადებითი სიგნალია ბაზრის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ხელს უშლის ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკების გაჩენას.