უძრავი ქონება, როგორც უსაფრთხო აქტივი - ექსპერტის ანალიზი
დღევანდელ მერყევ ეკონომიკურ გარემოში, კაპიტალის ეფექტური მართვა და სწორი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება ნებისმიერი ინვესტორისთვის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი წლებია ინარჩუნებს წამყვან პოზიციას, როგორც დაგროვებული სახსრების დაბანდების ერთ-ერთი ყველაზე მყარი ინსტრუმენტი. თუმცა, დინამიკურად მზარდი ფასებისა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილების ფონზე, ჩნდება ახალი კითხვები: სად უფრო მეტია გრძელვადიანი უკუგება და როგორ უძლებს თბილისი რეგიონულ კონკურენციას? მშენებლობის საწყისი ეტაპი თუ დასრულებული, სრულად მოწყობილი პროექტი? საცხოვრებელი სეგმენტი თუ მაღალშემოსავლიანი კომერციული ფართები?
ამ და სხვა აქტუალურ თემებზე, Tia-ს მკითხველს უძრავი ქონების ექსპერტი, ანანო ცხომარია უზიარებს პროფესიონალურ ხედვას და გვაწვდის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს.
საინვესტიციო ბინის შერჩევისას, რა არის უფრო მომგებიანი - ყიდვა მშენებლობის ადრეულ ეტაპზე თუ მზა, გარემონტებული ბინის შეძენა გასაქირავებლად?
- საინვესტიციოდ ბინის ყიდვა მშენებლობის ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, უფრო მომგებიანია, რადგან დასრულებამდე ფასის ზრდა ხდება და ინვესტორი კაპიტალურ მოგებას იღებს. ამ ეტაპზე არჩევანიც ბევრად მეტია - შესაძლებელია სასურველი სართულის, ხედისა და დაგეგმარების შერჩევა.
მზა და გარემონტებული ბინა კი უკეთესი არჩევანია მათთვის, ვისაც სწრაფად გაქირავება და სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი სურს, რადგან დამატებითი დრო და ხარჯი აღარ სჭირდება.
არის თუ არა უძრავი ქონება საქართველოში ყველაზე უსაფრთხო აქტივი, თუ არსებობს ალტერნატივები, რომლებიც უფრო მაღალ შემოსავლიანობას იძლევა?
- საქართველოში უძრავი ქონება კვლავ ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და სტაბილურ აქტივად ითვლება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, უფრო მაღალი შემოსავლიანობა ზოგ შემთხვევაში შეიძლება კომერციულ ფართებს ჰქონდეს, რადგან სწორ ლოკაციაზე გაქირავების შემთხვევაში შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე საცხოვრებელი ბინის შემთხვევაში.
ბინა კი უფრო სტაბილური და ნაკლებრისკიანი ინვესტიციაა, რადგან მოთხოვნა მუდმივად არსებობს როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად.
შეგიძლიათ შეგვიდაროთ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მეზობელი რეგიონის ქალაქებს (მაგალითად, ბაქოს ან ერევანს)? რა უპირატესობა და რა ჩამორჩენა გვაქვს?
- თბილისის უძრავი ქონების ბაზარი დღეს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და სწრაფად მზარდ ბაზრად ითვლება. ბაქოსთან შედარებით, თბილისში უფრო მაღალი მოთხოვნაა უცხოელი მყიდველებისა და ტურისტული გაქირავების მიმართულებით, რაც ინვესტორებისთვის დამატებითი უპირატესობაა.
ერევანთან შედარებით, თბილისს უფრო მრავალფეროვანი პროექტები და ფართო არჩევანი აქვს - როგორც ბიუჯეტურ, ისე პრემიუმ სეგმენტში. თბილისის მთავარი უპირატესობაა შედარებით ხელმისაწვდომი ფასები, აქტიური მშენებლობები და მუდმივად მზარდი მოთხოვნა, ხოლო გამოწვევად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურისა და ქალაქის დაგეგმარების საკითხები.