თეგებით ძიება

თეთრი კარკასი VS შავი კარკასი

სამშენებლო ტერმინოლოგია ხშირად ბუნდოვანია მათთვის, ვინც პირველად ყიდულობს ბინას. უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ ლოკაციას არ გულისხმობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა მდგომარეობაში გბარდებათ ბინა. "შავი“ და "თეთრი“ კარკასების შედარება ბევრ მყიდველს აბნევს, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, რაში იხდით თანხას და რა სამუშაოები დაგხვდებათ წინ.

რა არის თეთრი კარკასი?

თეთრი კარკასი არის ბინის მდგომარეობა, რომელიც მოიცავს ძირითად სამშენებლო სამუშაოებს და მზადაა კოსმეტიკური რემონტისთვის. ეს ფორმატი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან მყიდველებს საშუალებას აძლევს, ინტერიერი საკუთარი გემოვნებით მოაწყონ, ხოლო შრომატევადი შავი სამუშაოები თავიდან აირიდონ.

კონკრეტულად კი მოიცავს:

  • ამოყვანილ და გაჯით გალესილ შიდა კედლებს;
  • თბო და ხმის იზოლაციას;
  • ძირითად კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, წყალი, გაზი) რომლებიც შესაბამის ოთახშია მიყვანილი;
  • დასრულებულ ფასადსა და ხშირად სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს;
  • მოჭიმულ იატაკს;
  • აივნის შემთხვევაში მის მოპირკეთებას.

თეთრი კარკასის უპირატესობები

დროისა და ენერგიის დაზოგვა - საფუძვლიანი სამუშაოები უკვე დასრულებულია, რაც მყიდველს საშუალებას აძლევს, კონცენტრირდეს მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტზე, როგორიცაა შეღებვა, იატაკის დაგება და ავეჯის დამონტაჟება;

შუალედური ფასი - მიუხედავად იმისა, რომ შავ კარკასზე ძვირია, თეთრი კარკასი მაინც ხელმისაწვდომი ალტერნატივაა სრულად გარემონტებულ ბინებთან შედარებით;

რა არის შავი კარკასი?

ეს ტერმინი მოიცავს ბინის ყველაზე ძირითად, მინიმალურ მდგომარეობას. ის პერიოდია, როცა კორპუსის მშენებლობა დამთავრებულია, თუმცა აპარტამენტების შიდა მოწყობაში სამუშაოები ჯერ კიდევ დასასრულებელია. ეს კი მყიდველს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ნულიდან დაიწყოს და ინტერიერი სრულიად თავისი გემოვნებით მოაწყოს.

შავი კარკასის განსაზღვრება ყველა სამშენებლო კომპანიას განსხვავებული აქვს. ზოგადად, მასში შედის:

  • ბეტონისა და ცემენტის სამუშაოების დასრულება;
  • მეტალპლასტმასის ფანჯრები და სტანდარტული რკინის კარი;
  • სივრცე, ხშირ შემთხვევაში შიდა კედლების გარეშე;
  • კომუნიკაციები (ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი და კანალიზაცია), რომლებიც მხოლოდ ბინის შესასვლელთანაა მიყვანილი;
  • დაუმთავრებელი იატაკი.

ეს მინიმალისტური მოპირკეთების ვარიანტი მოსახერხებელია მათთვის, ვინც ეძებს ინტერიერის დიზაინის სრულ მოქნილობას. თუმცა, ახლავს დამატებითი პასუხისმგებლობები. დეველოპერი შემდგომ სამუშაოებში, ჩვეულებრივ, მონაწილეობას არ იღებს.

შავი კარკასის უპირატესობები

  • დაბალი ღირებულება - შავი კარკასის ბინა ბაზარზე ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია, რაც მას საინტერესოს ხდის მყიდველებისა და ინვესტორებისთვის;
  • დიზაინის მოქნილობა - შიდა კედლების არარსებობა მფლობელებს ინტერიერის სრულ შემოქმედებით კონტროლს აძლევს;
  • ინვესტიციის პოტენციალი - იდეალურია მათთვის, ვინც გეგმავს რემონტს ეტაპობრივად და დროში უძრავი ქონების ღირებულების ზრდას დაელოდება.
  • შავი კარკასის ბინის ყველაზე დიდი მინუსი ის არის, რომ ბევრ რესურსს მოითხოვს. ეს არ არის სახლი, რომელსაც იყიდით და ახლო პერიოდში აქ ცხოვრებას დაიწყებთ. კოსმეტიკური რემონტის გარდა დიდი სამუშაოები ჯერ წინ გაქვთ.

თუ ბიუჯეტი გაძლევთ საშუალებას, თეთრი კარკასის არჩევა შეიძლება გონივრული იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მეტს იხდით, საბოლოოდ ზოგავთ დამატებით დროსა და ხარჯებს, რომლებიც შავი კარკასის თეთრ კარკასამდე მიყვანას სჭირდება. ტიხრების აშენება, იატაკის მოჭიმვა, კედლების შელესვა და შემდეგ ბინის ინტერიერის აწყობა ცალკე ინვესტიციას მოითხოვს, რაც ფასში სხვაობას პრაქტიკულად ანეიტრალებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა